საქართველო-ევროკავშირი

გერმანია და საფრანგეთი პრეზიდენტისა და მთავრობის მეთაურების EU-ში ვიზიტებს მიესალმებიან

საქართველოში საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები, შერაზ გასრი და პეტერ ფიშერი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ. ელჩები ქართულ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებენ "ისტორიული შანსი" გამოიყენონ და კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაერთიანდნენ. ისინი პრეზიდენტისა და მთავრობის მეთაურების ევროკავშირში ვიზიტებსაც მიესალმებიან.

"2023 წლის დეკემბერში ევროკავშირსა და საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა ექნებათ: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს იქნებოდა შემდეგი ეტაპი საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ხანგრძლივ პარტნიორობასა და მეგობრობაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ევროკავშირის წევრობა.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში, გაერთიანდნენ ამ მიზნის გარშემო და ერთად იმუშაონ მის მისაღწევად.

ამ თვალსაზრისით, მივესალმებით საქართველოდან ახლახან შემდგარ და მომავალ ვიზიტებს ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებსა და ევროსტრუქტურებში, ბრიუსელში, სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების, მთავრობის სხვადასხვა წევრების შეხვედრებით, ისევე როგორც ფართო წარმომადგენლობებს შორის პარლამენტებიდან.

ევროკავშირი გააგრძელებს კანდიდატის სტატუსისა და ევროკავშირის წევრობისკენ პროგრესში საქართველოს გვერდით დგომას". - წერია განცხადებაში.


სალომე ზურაბიშვილმა 31 აგვისტოს ბერლინში გერმანიის პრეზიდენტთან ვიზიტით დაიწყო ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად.

1 სექტემბერს ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა, 6 სექტემბერს კი პარიზში ემანუელ მაკრონთან გამართა შეხვედრა.

25, 26 და 27 სექტემბერს ზურაბიშვილი ბალტიისპირეთის დედაქალაქებს ეწვია და ქვეყნების პრეზიდენტებს შეხვდა.

19 სექტემბერს შარლ მიშელთან შეხვედრა გამართა საქართველოს მთავრობის მეთაურმაც. ლიდერები ერთმანეთს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის მიმდინარეობისას შეხვდნენ.

კომენტარები