საქართველო-ევროკავშირი

პრემიერი: შარლ მიშელს დავუდასტურე 12 პრიორიტეტისადმი ქვეყნის ერთგულება

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, "საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს პროგრესი, მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი გრძელდება".

"შარლ მიშელთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე გამოკვეთილი ოთხივე საკითხი (დეოლიგარქიზაცია, საერთო სასამართლოების შესახებ კანონი, საარჩევნო კოდექსი და ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის დაფუძნებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა), რომელზეც პროგრესის ხილვა სურთ სექტემბრის ბოლომდე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება და ამის შესახებ ბრიფინგი მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გამართა.

პრემიერმინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოწინავე პოზიციები აქვს, რასაც მოწმობს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები და ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმების მიმართ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები მტკიცეა. მისივე თქმით, არსებული გეოპოლიტიკური ვითარების, ასევე დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა" - წერია მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრას თავად ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter) გამოეხმაურა.

“გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში სასიამოვნო იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრა. საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირთან საქართველოს ძალიან კარგი თანამშრომლობა. 

შეხვედრაზე განვიხილეთ 12 პრიორიტეტის შესრულების გზაზე მიღწეული წინსვლა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ განსაზღვრული მოკლევადიანი ამოცანების შესრულება. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დავუდასტურე ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პრიორიტეტისადმი ქვეყნის ერთგულება”,- აღნიშნავს პრემიერი.

კომენტარები