რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თუ უკრაინელები ბრძოლას შეწყვეტენ, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს – სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
Stian Lysberg Solum/AFP/Getty Images

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა Funke Mediengruppe-სთან ინტერვიუში თქვა, რომ თუ უკრაინელები ბრძოლას შეწყვეტენ, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს.

"ომების უმეტესობა უფრო მეტ ხანს გრძელდება, ვიდრე დასაწყისშია მოსალოდნელი. სწრაფი მშვიდობა ყველას გვსურს, მაგრამ ამავდროულად უნდა ვაღიაროთ, რომ თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელები ბრძოლას შეწყვეტენ, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს. თუ პუტინი და რუსეთი დაყრიან იარაღს, მშვიდობა გვექნება." – თქვა სტოლტენბერგმა. 

სტოლტენბერგმა ასევე თქვა, რომ უკრაინის NATO-ში სამომავლოდ გაწევრიანებაში ეჭვი არ ეპარება. მისი თქმით, უკრაინა აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი. 

გენერალურმა მდივანმა გაამახვილა ყურადღება იმაზეც, რომ 2023 ივლისში ჩატარებულმა ვილნიუსის სამიტმა უკრაინის უსაფრთხოებისა და რუსეთის აგრესიის შეჩერების გრძელვადიანი გარანტიისთვის საფუძველი შექმნა. მისივე თქმით, უკრაინამ დადო პირობა, რომ სახელმწიფო პოლიტიკას გააუმჯობესებს, რაც სამართლებრივ, ეკონომიკურ და გამჭვირვალობის ხელშემწყობ რეფორმებს გულისხმობს. 

მანამდე, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ უკრაინულმა ჯარებმა შეძლეს რუსული თავდაცვის გარღვევა და კონტრშეტევისას პროგრესს მიაღწიეს.

"უკრაინელები თანდათან აღწევენ წარმატებებს... მათ შეძლეს რუსული ძალების თავდაცვითი ხაზების გარღვევა და წინ მიიწევენ... ისინი პროგრესს აღწევენ. ალბათ არა იმდენს, რამდენსაც ვიმედოვნებდით, მაგრამ თანდათან წინ მიიწევენ. დღეში რამდენიმე ასეული მეტრით."  - თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები