სალომე ზურაბიშვილი

პრემიერი პრეზიდენტზე: ჩემი ხელმოწერით ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს ვერ გავაგრძელებინებდი

ირაკლი ღარიბაშვილი სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტებს გამოეხმაურა, რომელზეც მას მთავრობის ნებართვა არ აქვს. პრემიერმა ზურაბიშვილის განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟად შეაფასა და თქვა, რომ ის პრეზიდენტს საკუთარი ხელმოწერით საბოტაჟს ვერ გააგრძელებინებდა. 

"რაც შეეხება ქალბატონი პრეზიდენტის ევროპაში შეუთანხმებელ ვოიაჟს. მე ვფიქრობ, ეს მეტად სამწუხარო ფაქტია. შარშან და უფრო მანამდეც, არცერთი შემთხვევა არ არსებობს, როცა ჩვენ მას ასეთი ტიპის ვიზიტებზე უარი ვუთხარით. პირიქით, მე მას ყოველთვის მხარს ვუჭერდი და მისი გადაადგილება არასოდეს შემიზღუდავს. მაგრამ, შეგახსენებთ, რომ ქალბატონ პრეზიდენტს ძალიან მძიმე განცხადებები აქვს გაკეთებული. მას საჯაროდ ნათქვამი აქვს, რომ თურმე, ჩვენი მთავრობა 12 რეკომენდაციას არ ასრულებს. მან ისიც განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსს არ ვიმსახურებთ [...] ამის შემდეგ, ის მინიმალური ნდობა, რაც ჩვენ შორის შენარჩუნებული იყო, დაიკარგა. მე ჩემი ხელმოწერით მას საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟს ვერ გავაგრძელებინებდი და ამის თანამონაწილე ვერ გავხდებოდი [...] ჩვენ უბრალოდ ნდობა აღარ გვაქვს. თუ ჩვენი მანდატით რომელიმე ქვეყანაში ჩავიდოდა, არ ვიცი, იქ რას ილაპარაკებდა. ჩვენი უარი ამით დასაბუთდა. იმიტომ, რომ ის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა. ჩვენი ინტერესი იყო და არის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ამის წინააღმდეგ ნებისმიერი განცხადება და ქმედება საბოტაჟია". - თქვა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

27 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი ლიტვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას ვილნიუსში შეხვდა

26 სექტემბერს კი ზურაბიშვილმა რიგაში, ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარს რინკევიჩთან გამართა შეხვედრა.

25 სექტემბერს ზურაბიშვილი ტალინში, ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.

სალომე ზურაბიშვილმა 31 აგვისტოს ბერლინში გერმანიის პრეზიდენტთან ვიზიტით დაიწყო ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები "საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად". 

როგორც შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, პრეზიდენტმა ევროპაში შეხვედრები მთავრობასთან შეუთანხმებლად გამართა. ქართული ოცნების მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილმა ამით კონსტიტუცია დაარღვია. მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.

კომენტარები