ხვიჩა კვარაცხელია

კვარაცხელია: ეს გრძნობა მაკლდა, როდესაც 6 თვე გოლი ვერ გაგაქვს, ნერვიულობა ბუნებრივია

იტალიური ნაპოლის ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ 6-თვიანი პაუზის შემდეგ გოლის გატანა მოახერხა. გასულის სეზონის ჩემპიონმა სერია ა-ს მეექვსე ტურში უდინეზე ანგარიშით 4-1 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ DAZN-ის პირდაპირ ეთერში ჩართვისას, კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში გოლის გატანა ძალიან აკლდა.

"რა თქმა უნდა, გოლის გატანა და ეს გრძნობა ძალიან მაკლდა. ფეხბურთში ყველაფერი ხდება, როდესაც 6 თვე გოლი ვერ გაგაქვს ნერვიულობა ბუნებრივია, მაგრამ დავბრუნდი და ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე. ვფიქრობ გავიაზრეთ, რომ გამარჯვებები უნდა გავაგრძელოთ, რადგან სასუოლოსთან მატჩის შემდეგ მოგება არ გვქონდა. მწვრთნელთან ერთად ვისაუბრეთ და თამაშის ასეთი ხარისხის დაბრუნება მიზნად დავისახეთ. ვფიქრობ, რომ დღეს მოგება დავიმსახურეთ. არ აქვს მნიშვნელობა, გოლს ვინ გაიტანს, მთავარია გამარჯვებაში წვლილი შევიტანოთ. შესანიშნავად ვითამაშეთ და მაქსიმუმის გაკეთება უნდა ვცადოთ, ფორცა ნაპოლი!". - თქვა კვარაცხელიამ DAZN-ის პირდაპირ ეთერში.

ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლის შემადგენლობაში გოლი 19 მარტის შემდეგ პირველად გაიტანა, ნაპოლიმ კი იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურის შემდეგ გამარჯვება პირველად შეძლო. ამჟამად ნეაპოლური კლუბი სერია ა-ში მეხუთე ადგილს იკავებს ჩემპიონატის სათავეში მყოფ მილანურ კლუბებს 4 ქულით ჩამორჩება.

კომენტარები