ხვიჩა კვარაცხელია

L'Équipe: ლიონმა გადაწყვიტა პარი სენ-ჟერმენს კვარაცხელიას ტრანსფერის გამო უჩივლოს

ფრანგული გამოცემა L'Équipe-ის ცნობით, საფეხბურთო კლუბი ლიონი პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ ფეხბურთის პროფესიულ ლიგაში (LFP) საჩივრის შეტანას აპირებს.

ლიონის მტკიცებით, პარი სენ-ჟერმენის ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას მათთან თამაშის უფლება არ ჰქონდა. ლიონი პარიზულ კლუბს LFP-ს წესების 556-ე და 560-ე პარაგრაფების დარღვევაში ადანაშაულებს.

L'Équipe-მა მოიპოვა წერილი, რომელიც ლიონის პრეზიდენტმა, ჯონ ტექსტორმა LFP-ს გაუგზავნა. წერილში აღნიშნულია, რომ კვარაცხელიას ტრანსფერი მხოლოდ უცხოური სუბსიდიებით გახდა შესაძლებელი, რასაც საფრანგეთის კანონმდებლობა და თავად LFP-ს წესები არეგულირებს.

წარსულში, ტექსტორმა პარი სენ-ჟერმენის კატარელი მფლობელების მიერ საინვესტიციო ფონდის გავლით კლუბის დაფინანსების სისტემას არაერთხელ გააკრიტიკა და პსჟ-ს წინააღმდეგ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ECJ) ჩივილსაც აპირებდა.

პარალელურად, პსჟ ლიონის წინააღმდეგ საპასუხო სარჩელის შეტანას გეგმავს. საქმე ეხება არგენტინელი ტიეგო ალმადას ტრანსფერს, რომელიც ლიონმა სატრანსფერო აკრძალვის მიუხედავად, ტექსტორის კიდევ ერთი კლუბიდან, ბრაზილიური ბოტაფოგოდან იანვარში გადმოიყვანა.

კომენტარები