სალომე ზურაბიშვილი

ზარქუა ზურაბიშვილზე: "ბარხატნი სეზონია" და მოგზაურობს

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტებს გამოეხმაურა. ზარქუას თქმით, პრეზიდენტი უბრალოდ "ბარხატნი სეზონზე" მოგზაურობს.

"ბარხატნი სეზონია", ასე ეძახიან. ეტყობა, ეს დრო დაუდგა თუ რაღაც და მოგზაურობს. სხვანაირად როგორ - სიჯიუტესაც ვერ დავარქმევთ იმას, რასაც ქალბატონი პრეზიდენტი აკეთებს [...] მოგზაურობაა ეს, მეტი არაფერი. უბრალოდ, ითავსებს და ამით აფორმებს, რომ თითქოს, საქართველოს ევროპული მომავლისთვის იღწვის. მას შეეძლო, ეს პირველ შემთხვევაში გაეკეთებინა, როცა ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსზე პოლიტიკურად უარი მივიღეთ [...] მაშინ ჩაფრენილიყო საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში, ჩუმად რატომ იყო?". - თქვა ზარქუამ.

დღეს, 27 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი ლიტვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას ვილნიუსში შეხვდა

26 სექტემბერს კი ზურაბიშვილმა რიგაში, ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარს რინკევიჩთან გამართა შეხვედრა.

25 სექტემბერს კი ზურაბიშვილი ტალინში, ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.

სალომე ზურაბიშვილმა 31 აგვისტოს ბერლინში გერმანიის პრეზიდენტთან ვიზიტით დაიწყო ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები "საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მხარდასაჭერად". 

როგორც შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, პრეზიდენტმა ევროპაში შეხვედრები მთავრობასთან შეუთანხმებლად გამართა. ქართული ოცნების მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილმა ამით კონსტიტუცია დაარღვია. მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.

გუშინ, 25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი ტალინში ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კარისს შეხვდა

კომენტარები