სერბეთი-კოსოვო

კოსოვოს ჩრდილოეთში მონასტერში გამაგრებული შეიარაღებული პირები პოლიციამ ალყაში მოაქცია

კოსოვოს პოლიცია, აშშ-სა და ევროკავშირის სამხედროებთან ერთად სოფელ ბანისკასთან მომხდარი სროლის შემდეგ. 2023 წლის 24 სექტემბერი
REUTERS/Fatos Bytyci

24 სექტემბერს მძიმედ შეიარაღებულმა 30-მდე პირმა ჩრდილოეთ კოსოვოში მდებარე სოფელში ბანისკასთან კოსოვოელ პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა და ერთი პოლიციელი მოკლა. შეიარაღებული პირები სროლის შემდეგ კოსოვოს ტერიტორიაზე მდებარე სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტერში შეიჭრნენ და იქ გამაგრდნენ. პოლიციამ მონასტერს ალყა შემოარტყა.

კოსოვოს პრემიერმინისტრის, ალბინ კურტისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ჯელალ სვეცლას თქმით, პოლიციასა და მონასტერზე თავდამსხმელები "სერბეთის მიერ დაფინანსებული კრიმინალები" არიან.

"სულ მცირე 30 მძიმედ შეიარაღებული ადამიანია. ისინი პროფესიონალები არიან, სამხედრო და პოლიციური წარსულით". - თქვა კურტიმ, რომელმაც აქამდე თავდამსხმელებს "ტერორისტებიც" უწოდა.

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რასკა-პრიზრენის ეპარქიის თქმით, სოფელ ბანისკასთან მდებარე მონასტერში ნიღბიანი პირები ჯავშანმანქანით შევიდნენ. მონასტრის ტერიტორიაზე მყოფი მღვდლები და მომლოცველები უსაფრთხოების მიზნით ტაძარში ჩაიკეტნენ. ეპარქიის თქმით, მონასტრის ტერიტორიიდან დროგამოშვებით სროლის ხმა ისმის, თუმცა უცნობია არიან თუ არა იქ დაჭრილები ან დაშავებულები.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სერბეთის საზღვარზე მთავარი გამშვები პუნქტები კოსოვომ უკვე დაკეტა.

სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდარ ვუჩიჩს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

კოსოვოში გაეროს მისიის წარმომადგენელმა, ქეროლაინ ზიადემ პოლიციელის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა და ინციდენტი დაგმო.

მომხდარის შემდეგ ბანისკას მიმდებარედ კოსოვოს პოლიციასთან ერთად NATO-ს სამხედროები და ევროკავშირის საპოლიციო ძალის, EULEX-ის წარმომადგენლები პატრულირებენ.

ურთიერთობის დასტაბილურებისთვის სერბეთსა და კოსოვოს შორის ევროკავშირის მედიაციით გამართული მოლაპარაკებები გასულ კვირას შეფერხდა. ევროპის ქვეყნების ბლოკის თქმით, კურტიმ ვერ შეძლო ჩრდილოეთ კოსოვოს ტერიტორიაზე მცხოვრები სერბული უმრავლესობისთვის საკმარისი ავტონომიის მისანიჭებლად საჭირო ნაბიჯების გადადგმა.


ბოლოს სერბეთსა და კოსოვოს შორის ურთიერთობა მაისში, კოსოვოს ადგილობრივი არჩევნების შედეგების გამო დაიძაბა.

დაახლოებით 50 000 სერბმა, რომელიც ჩრდილოეთ კოსოვოში ცხოვრობს და მთლიანი მოსახლეობის 5%-ს შეადგენს, აპრილის ადგილობრივ არჩევნებს ჩრდილოეთის ოთხ მუნიციპალიტეტში ბოიკოტი გამოუცხადა. შედეგად, ეთნიკურ ალბანელებს საბჭოების კონტროლის შესაძლებლობა მიეცათ.

ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულმა კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. ბელგრადმა რეგიონზე კონტროლი 1999 წელს, კონფლიქტში NATO-ს ინტერვენციის შემდეგ დაკარგა.

კოსოვო აღიარებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ძირითადი ქვეყნების მიერ, მაგრამ სერბეთი, რომელსაც მხარს უჭერს მისი მოკავშირე რუსეთი, უარს ამბობს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ამ უკანასკნელის წინააღმდეგია კოსოვოს შიგნით მცხოვრები ეთნიკური სერბებიც.

კომენტარები