თავდაცვის კოდექსი

ევროპული საქართველო: თავდაცვის კოდექსში მიღებული ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

ევროპული საქართველო პარლამენტის მიერ თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ცვლილებები არღვევს მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპებს, დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციურია, რის გამოც კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას განიხილავენ. 

ქართული ოცნების მიერ "თავდაცვის კოდექსში" მესამე მოსმენით მიღებული ცვლილებები არღვევს მოქალაქეთა თანასწორობის პრინციპს, არის დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციური.

მიღებული ცვლილებებით, სახელმწიფო სავალდებულო სამსახურს მოითხოვს ყველა რელიგიური ჯგუფის სასულიერო პირისგან, გარდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა.

ახალი კანონი საქართველოს მოქალაქეებს აღმსარებლობის ნიშნით ან/და მისი არ ქონის გამო განსხვავებულ ვალდებულებებს აკისრებს.

ამასთან, ევროპული საქართველოს ხედვით, არასწორია კანონის წინაშე უთანასწორო მიდგომა რელიგიური და არარელიგიური მრწამსის მიმართაც (მაგ. პაციფიზმი).

მოქალაქეს რელიგიური თუ არარელიგიური მრწამსი არ უნდა ათავისუფლებდეს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან, თუ ქვეყანაში არსებობს სავალდებულო სამსახურის სისტემა.

თუ ქვეყანას აქვს სავალდებულო გაწვევა, ის თანასწორად უნდა ეხებოდეს ყველა მოქალაქეს.

ეს მიდგომა დაგვაზღვევს, რომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ თუ სახელმწიფო ინსტიტუტმა ვერ შეძლოს რელიგიური ინსტიტუტების შინაარსის განხლივაში შესვლა და სპეკულირება იმაზე, თუ რომელია “ნამდვილი” ან “ფიქტიური” რელიგიური ორგანიზაცია.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია წვლილი შეიტანოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

სხვა საკითხია, რომ გაწვევის არსებულ სისტემას არსებითად არ აქვს კავშირი არც ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებთან და არც მიზნებთან.

პენიტენციურ დაწესებულებებში ზედამხედველობისთვის მოქალაქეთა გაწვევა და ამ პროცესში სოციალურად მოწყვლადი მოქალაქეების დისკრიმინაცია მხოლოდ ასუსტებს მოქალაქეთა სურვილს, ემსახურონ ქვეყნის უსაფრთხოებას.

სისტემა უნდა ჩანაცვლდეს სარეზერვო სამსახურით და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ის უნდა შეეხოს საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად რელიგიური რწმენისა თუ პოლიტიკური/ სამოქალაქო შეხედულებებისა.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქისთვის რელიგიური თუ არარელიგიური შეხედულებებით მიუღებელია იარაღის გამოყენება, მოქალაქემ უნდა გაიაროს იმგვარი ალტერნატიული სამსახური, რომელიც ღირებული და აუცილებელია ქვეყნის თავდაცვითუნარიონობისთვის, თუმცა გამორიცხავს იმ ტიპის საქმიანობას, რომელსაც მოქალაქის მრწამსი ეწინააღმდეგება, იქნება ეს სამედიცინო (მაგ: სამხედრო სანიტრის), სამხედრო-საინჟინრო თუ სხვა საქმიანობა.

კანონში შეტანილ ცვლილებებში ასევე უკანონოა სამობილიზაციო ელექტრონულ სისტემაში მოქალაქის აღმსარებლობის თაობაზე ინფორმაციის შეტანის შესახებ ჩანაწერი. სახელმწიფოს არ აქვს უფლება, შეაგროვოს ინფორმაცია მოქალაქეების აღმსარებლობის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს მნიშვნელოვანი სიკეთის დაცვას ემსახურება. (მაგ: რწმენის თავისუფლება; რელიგიური უმცირესობების უფლებების უზრუნველყოფა).

ასეთი მკაფიო მოტივაციისა და შესაბამისი რეგულირების გარეშე აღნიშნული ჩანაწერი ლახავს საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

საბოლოოდ, "თავდაცვის კოდექსში" შეტანილი ცვლილებები არის ანტიკონსტიტუციური და ჩვენს პოლიტკურ ხედვასთან შეუთავსებელი. ევროპული საქართველო ყველა შესაძლო პლატფორმას გამოიყენებს მოქალაქეების ინფორმირებისთვის მიღებული ცვლილებების უკანონობის შესახებ და მის წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციისთვის.

ამასთან, პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ კანონპროექტის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოზე ცენტრალური ხელისუფლების გავლენის გათვალისწინებით, ობიექტური მართლმსაჯულების შანსი მიზერულია.

* ცხადია, განცხადებაში განხილული სამხედრო/სარეზერვო ვალდებულებები ეხება მხოლოდ მამრობითი სქესის მოქალაქეებს". - წერია განცხადებაში.

თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დღეს, 21 სექტემბერს მიიღო.

მიღებული პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილება მიზნად ისახავს თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებას, სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ ნორმებში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებასა და თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის შექმნას.

მთავრობაში ამბობენ, რომ კანონპროექტი ფინურ-ესტონურ მოდელს ეფუძნება, რაც ერთი შეხედვით მართალიც არის, თუმცა რამდენად ანალოგიურად მოხდება დასახული მიზნების რეალიზაცია და რა დამატებითი კრიტერიუმებია საჭირო იმისთვის, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ფინურ მოდელს გაუტოლდეს, ეს ცალკე საკითხად რჩება.

ახალი თავდაცვის კოდექსი ცდილობს წვევამდელებსა და სამხედრო მოსამსახურეებს უკეთესი პირობები და სარგებლები შესთავაზოს,პარალელურად კი ერთ-ერთ მიზნად სამართლებრივი ხვრელების გაქრობას ისახავს.

განმარტებით ბარათში პირდაპირ წერია: "აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება არაკეთილსინდისიერი ფიქტიური "რელიგიური ორგანიზაციების" შესაძლებლობა დაეხმარონ ცალკეულ პირებს თავი აარიდონ გაწვევას". საუბარია პარტია გირჩის მიერ შექმნილ ბიბლიურ თავისუფლებაზე, რომლის სასულიერო პირის სერტიფიკატის დახმარებითაც ზოგიერთი ახალგაზრდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავს არიდებდა.

თავდაცვის ახალი კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი მოსაკრებლის გადახდა აღარ იქნება. კომიტეტმა პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტიდან ამოიღო ნორმა, რომლის თანახმად, პირს სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება მოსაკრებელელის (10 000 ლარის ოდენობით) გადახდის შემთხვევაში, 1 წლის ვადით შეეძლო.

კანონპროექტით შეიცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის, რომელსაც ახალი კოდექსით წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური ერქმევა, ხანგრძლივობა. თუ სავალდებულო ჯარი აქამდე 12 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, ახლა მას დიფერენცირებული ვადები ექნება: 6 თვე - საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის, 8 თვე - დაცვის და უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის, 11 თვე - უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისთვის.

მნიშვნელოვანი ცვლილებაა ისიც, რომ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. შესაბამისად, გაწვეულებს აღარ მოუწევთ ვალდებულების მოხდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზებზე. კანონპროექტის მიღების შემდეგ, ეს ცვლილება 2025 წელს ამოქმედდება.

კომენტარები