თავდაცვის კოდექსი

დაგეგმილი ცვლილებები კოდექსში – თავდაცვის ფინური მოდელის გამოწვევები ქართულ რეალობაში

თავდაცვის კოდექსი

დაგეგმილი ცვლილებები კოდექსში – თავდაცვის ფინური მოდელის გამოწვევები ქართულ რეალობაში

საქართველოს მთავრობა თავდაცვის კოდექსის ცვლილებას უკვე რამდენიმე თვეა რაც აპირებს. კანონპროექტზე მუშაობა კვლავ მიმდინარეობს, თუმცა, პირველი მოსმენისთვის შეტანილი ცვლილებების შემდეგ, სავარაუდოდ მნიშვნელოვანი დეტალები დოკუმენტში აღარ შეიცვლება. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილება მიზნად ისახავს თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებას, სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ ნორმებში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებასა და თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის შექმნას. მთავრობაში ამბობენ, რომ კანონპროექტი ფინურ-ესტონურ მოდელს ეფუძნება, რაც ერთი შეხედვით მართალიც არის, თუმცა რამდენად ანალოგიურად მოხდება დასახული მიზნების რეალიზაცია და რა დამატებითი კრიტერიუმებია საჭირო იმისთვის, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ფინურ მოდელს გაუტოლდეს, ეს ცალკე საკითხად რჩება. 

ახალი თავდაცვის კოდექსი ცდილობს წვევამდელებსა და სამხედრო მოსამსახურეებს უკეთესი პირობები და სარგებლები შესთავაზოს, პარალელურად კი ერთ-ერთ მიზნად სამართლებრივი ხვრელების გაქრობას ისახავს. განმარტებით ბარათში პირდაპირ წერია: “აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება არაკეთილსინდისიერი ფიქტიური "რელიგიური ორგანიზაციების" შესაძლებლობა დაეხმარონ ცალკეულ პირებს თავი აარიდონ გაწვევას" - რა თქმა უნდა, საუბარია პარტია გირჩის მიერ შექმნილ ბიბლიურ თავისუფლებაზე, რომლის სასულიერო პირის სერტიფიკატის დახმარებითაც ზოგიერთი ახალგაზრდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავს არიდებდა. გირჩი, რომელსაც სანდრო რაქვიაშვილის ავტორობით თავდაცვის კოდექსის საკუთარი ვერსიაც ჰქონდა წარდგენილი და მხარი არ დაუჭირეს, ამჟამად ყველაზე აქტიურად აკრიტიკებს ახალ კოდექსს, რომელსაც ახლო მომავალში მიიღებენ. მათთვის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჯარი კვლავ სავალდებულო იქნება. თუმცა არის კი ეს საქართველოს თავდაცვის სისტემის რეალური პრობლემა? 

დაგეგმილი ცვლილებები

დაგეგმილი ცვლილებები რამდენიმე სახისაა. პირველ რიგში, შეიცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის, რომელსაც ახალი კოდექსით წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური ერქმევა, ხანგრძლივობა. თუ სავალდებულო ჯარი აქამდე 12 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, ახლა მას დიფერენცირებული ვადები ექნება: 6 თვე - საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის, 8 თვე - დაცვის და უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის, 11 თვე - უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისთვის.

მნიშვნელოვანი ცვლილებაა ისიც, რომ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. შესაბამისად, გაწვეულებს აღარ მოუწევთ ვალდებულების მოხდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზებზე. კანონპროექტის მიღების შემდეგ, ეს ცვლილება 2025 წელს ამოქმედდება.

როგორც განმარტებით ბარათშია ნათქვამი, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, დადგენილი რიგითობის მიხედვით ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომლის მართვისა და ფუნქციონირების საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ. ეს ბოლო დეტალი, რომ გაწვევის მართვა არა სამინისტროს, არამედ ხელისუფლების ხელში იქნება, კოდექსში, რომელშიც ძირითადი მოვალეობები სწორედ თავდაცვის უწყებას აბარია, გარკვეულ ეჭვებს იწვევს. სავალდებულო ჯარის მოწინააღმდეგეები ხშირად აკრიტიკებენ მთავრობის წარმომადგენლებს, რომ ისინი საკუთარ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამხედრო სამსახურის არიდებაში ეხმარებიან. ნახსენებმა დეტალმა კი მთავრობას შესაძლოა ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობა მისცეს.

ახალი კოდექსით, რომელზეც მთავრობის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ "ტოტალური თავდაცვის" პრინციპს ეფუძნება, სამხედრო სამსახურის სახეები იყოფა შემდეგნაირად: რეგულარული სამხედრო სამსახური (რომელიც ჩაშლილია პროფესიულ სამხედრო სამსახურად და წვევამდელ ეროვნულ სამხედრო სამსახურად) და თავდაცვის ძალების რეზერვი (დაყოფილი აქტიურ და სამობილიზაციო რეზერვებად). ცვლილება შეეცდება, რომ რეზერვი დაკომპლექტდეს პირებისგან, რომელთაც სამხედრო სამსახური გავლილი ექნებათ. რეზერვში ჩაირიცხებიან 18-დან 60 წლამდე პირები. 18 წლის შესრულებასთან ერთად, პირი ჩარიცხული იქნება მოუმზადებელ სამობილიზაციო რეზერვში -  "ამასთან, სიახლის მიხედვით, პირს, რომელსაც შეუსრულდება 18 წელი, ჩაირიცხება მოუმზადებელ სამობილიზაციო რეზერვში. მოუმზადებელ სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირი, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, 27 წლის ასაკის მიღწევამდე არ იხსნება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის აღრიცხვიდან და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას".

სპეცდანიშნულების რაზმის ქართველი სამხედროები Noble Partner 22-ის წვრთნებზე. 2022 წელი, 9 სექტემბერი.
Army Cpl. Thomas Crivello

ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ზემოხსენებული ცვლილება, რომელიც გირჩის სამართლებრივი ხვრელის გაქრობას ითვალისწინებს. ახლანდელი კანონით, მღვდელთმსახურს ან სასულიერო სასწავლებლის სტუდენტს შეუძლია, გადავადების გზით, სავალდებულო სამხედრო სამსახური არ გაიაროს. მისაღები კოდექსით კი ეს წესი შეიცვლება და რელიგიური პირები გაწვევას დაექვემდებარებიან, თუმცა მათ ალტერნატიული შრომითი სამსახურო გავლა შეეძლებათ. "პირი, რომელიც სინდისის, აღმსარებლობის ან/და რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვაზე, ჩაირიცხება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეზერვში", - წერია კანონპროექტში. თუმცა, ეს ცვლილება გარკვეულწილად დისკრიმინაციული იქნება, რადგან სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებული კონსტიტუციური შეთანხმების მე-4 მუხლის მიხედვით, მართლმადიდებელი "სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან". აქამდე მართლმადიდებელი სასულიერო პირებისთვის ამ მუხლის ამოქმედების საჭიროება არ არსებობდა, რადგან კანონი მათ სავალდებულო გაწვევას ისედაც არ ითვალისწინებდა. ახლა კი, როცა ეს წინაპირობა ქრება, ლოგიკურია, რომ მართლმადიდებელი მღვდელთმსახურები მე-4 მუხლს გამოიყენებენ, სხვა აღმსარებლობის სასულიერო პირებს კი ჯარში ალტერნატიული სამსახურის გავლა მოუწევთ.

გაწვევის სისტემასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება გადავადების შესაძლებლობის გაძვირებაა. თუ, ახლანდელი კანონმდებლობით, 18-დან 25 წლამდე (გაწვევა 27 წლამდეა, თუმცა 25-ს გადაცილებულებს ფასიანი გადავადება არ შეეძლოთ) მოქალაქეებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის 18 თვით გადასავადებლად 2 000 ლარის გადახდა შეუძლიათ, რისი უფლებაც ორჯერ ჰქონდათ, ახალი კოდექსის მიღების შემდეგ მათ 10 000 ლარის გადახდა მოუწევთ, შესაძლებლობა კი მხოლოდ ერთხელ ექნებათ (განახლება: სტატიის დაწერიდან რამდენიმე კვირაში, მორიგ მოსმენაზე თანხის სანაცვლოდ გადავადების ნაწილი კანონპროექტიდდნ ამოიღეს).

მნიშვნელოვანია, რომ 7-8 მარტს უცხოური გავლენის აგენტის კანონპროექტთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების შემდეგ, როდესაც მთავრობამ რუსული კანონის მიღება გადაიფიქრა, გადაიფიქრეს თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული ერთ-ერთი აჟიოტაჟის გამომწვევი ცვლილებაც, რომლის მიხედვითაც სტუდენტის სტატუსი პირს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში აღარ დაეხმარებოდა და მათ შემთხვევითი პრინციპით გაიწვევდნენ. ამის ნაცვლად, 23 წლამდე სტუდენტებს შეეძლებათ ნებაყოფლობით გაიარონ წვევამდელთა სამხედრო სამსახური ისე, რომ ვადა 4 წელზე, არდადეგებზე გადაანაწილონ, ან აკადემიური წელი აიღონ.

სავალდებულო სამსახურის არიდების შესაძლებლობების შემცირების პარალელურად, ახალი კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებები ცდილობს წვევამდელებსა და ჯარისკაცებს დამატებითი სარგებელი მიანიჭოს, რაც, თითქოს, ჩანაფიქრში, იმაზეა გათვლილი, რომ გადავადების ან არიდების სურვილი ნაკლებად არსებობდეს. მაგრამ საკითხავია, რამდენად საკმარისი იქნება გათვალისწინებული კეთილდღეობა იმისთვის, რომ მოქალაქეებს მოტივაცია გაეზარდოთ.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, სამხედრო მოსამსახურე სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ისარგებლებს რკინიგზითა და მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის უფლებით, ასევე სამხედრო მოსამსახურე გადაიხდის ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლისა და დასუფთავების მომსახურების საფასურის 50%-ს, ხოლო დანარჩენი 50% ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კერძოდ თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ყოველწლიური ბიუჯეტიდან. იგეგმება წვევამდელთათვის ანაზღაურების გაზრდაც, ასევე, ახალი კოდექსით, გაწვეულ პირებს სამუშაო ადგილი, დაწესებულების სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, შეუნარჩუნდებათ.

ამას გარდა, თავდაცვის სამინისტრო ახალი კოდექსით, 2024 წლიდან აიღებს ვალდებულებას, რომ ყოველ 3 წელიწადში ერთხელ სამხედრო მოსამსახურეთათვის, თანადაფინანსების სისტემით, საცხოვრებელი სახლების შენება დაიწყოს. აღნიშნულია, რომ სამხედრო მოსამსახურეს, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა თავდაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და კრიტერიუმების მიხედვით. როგორც განმარტებით ბარათში წერია, ეს ყველაფერი მოტივაციის ამაღლებას ხელს შეუწყობს. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამხედროების ბინებით უზრუნველყოფის პირველი ეტაპი 2020 წელს დაიწყო და უახლოეს მომავალში დასრულდება და მის ფარგლებში 97 მილიონი ლარის ღირებულების 1092 ბინა აშენდება. დამატებულია, რომ ამ პროგრამის მეორე ეტაპის დაწყება 2023 წელს იგეგმება, თითქმის იგივე ბიუჯეტის ფარგლებში. თანადაფინანსების წილი 50/50 არის. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლებში თავდაცვის ძალებში აქტიური პერსონალის რაოდენობა 37 000-ს შეადგენდა, საინტერესოა, რამდენად დაეხმარება ბინების პროექტი მოტივაციის ზრდას. საინტერესოა ისიც, თუ რა შერჩევითი პრინციპით მოხდება საცხოვრებლების გადაცემა. 

წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონია, 2020 წელი.
თავდაცვის სამინისტრო.

იცვლება სამხედრო მოსამსახურის დაჭრის ან დაღუპვის შემთხვევაში გაწეული ანაზღაურებაც. ამჟამინდელი კანონით, დაჭრა-დასახიჩრების შემთხვევაში სამხედრო მოსამსახურე 7 000 ლარს იღებს, ახალი კანონით კი 20 000-მდე გაიზრდება. დაღუპვის შემთხვევაში საკომპენსაციო თანხა ახლა 15 000 ლარია, ინიციირებული კოდექსით კი 30 000-მდე გაიზრდება. უცვლელი რჩება საომარი მდგომარეობის დროს დაღუპვის ან მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვალების შემთხვევაში 2013 წელს დაწესებული 100 000-ლარიანი ერთჯერადი დახმარება. 

ცვლილებების ნაწილი თავისი არსით შეიძლება ცუდად არც კი ჟღერდეს, თუმცა დაეხმარება ეს რეფორმა თავდაცვის სისტემის ეფექტიანობის გაუმჯობესებას, თუ მხოლოდ ფურცელზე გაწერილ ფორმალობად დარჩება? 

ფინური თავდაცვა

რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, 2021 წლის დეკემბრის კვლევაში გამოკითხულ ფინელთა 73% მხარს უჭერდა ქვეყანაში არსებულ სავალდებულო სამხედრო სამსახურის სისტემას. 2022 წლისთვის, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო, ეს მხარდაჭერა 82%-მდე გაიზარდა. ფინეთში წვევამდელთა სამსახური დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც საზოგადოებრივ, ისე პოლიტიკურ დონეზე, მიუხედავად იმისა, რომ ამ სისტემის ცვლილებაზე საუბრები პერიოდულად მიმდინარეობს. 

"ფინელისთვის სამხედრო სამსახური დიდი პატივია. ამას აკეთებ, თუ გსურს, რომ შენი ქვეყანა დამოუკიდებელი დარჩეს. ამას (სამსახურის გავლას) პროფესიონალი სპორტსმენებიც აკეთებენ". - ამბობდა 2017 წელს ფინელი წარმატებული ჰოკეის მოთამაშე, მიკაელ გრანლუნდი, რომელმაც, სპორტული კარიერის მიუხედავად, 2010 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა არ გადაავადა. გადავადება 18-დან 28 წლამდეა შესაძლებელი.

ფინური სამხედრო სისტემის წინაისტორია

ფინეთში გაწვევის სისტემას დიდი ისტორია აქვს და ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ქვეყანა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში გარკვეული ავტონომიით შედიოდა. 1878 წელს ფინეთის დიდი სამთავროს სეიმმა მიიღო საყოველთაო გაწვევის აქტი, რომლის მიხედვითაც, ფინეთის ყველა მამაკაცი ვალდებული იყო ემსახურა "ტახტისა და სამშობლოს დასაცავად". კანონს ჰქონდა მნიშვნელოვანი დეტალი, რომ ის კონცენტრირებული იყო თავდაცვით იდეოლოგიაზე, ნარატივზე, რომელიც მომავალში ფინეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს თავდაცვის პოლიტიკის საყრდენი გახდა. მნიშვნელოვანია, რომ კანონის ტექსტი არ ითვალისწინებდა თავად რუსეთის იმპერიის დაცვას, არც ავტონომიური ტერიტორიის გარეთ ბრძოლას და კონცენტრირებული იყო უშუალოდ სამთავროს უსაფრთხოებაზე. აქტი, რომელიც ფინეთის ავტონომიიდან დამოუკიდებლობისკენ სვლის პროცესში მნიშვნელოვანი გააზრებული თუ გაუაზრებელი ნაბიჯი იყო, ფინური ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი საყრდენი გახდა.

სამხედრო გაწვევის სისტემის დანერგვას მხარს უჭერდა მე-19 საუკუნის ბოლოს გაჩენილი ფინელი ნაციონალისტების ფენომანთა მოძრაობა. მათი მიზანი ავტონომიის პირობებში ფინური ეროვნული იდეოლოგიის გაძლიერება იყო და თვლიდნენ, რომ საკუთარი შეიარაღებული ძალების შექმნა ამ მიმართულებით დაეხმარებოდათ. ფენომანების ამ სურვილს მხარი გლეხებმა დაუჭირეს. გაწვევის სისტემის მხარდამჭერთა ერთ-ერთი არგუმენტი იყო ის, რომ ფინეთის ეროვნული შეიარაღებული ძალების შექმნის ფაქტორი, ადგილზე რუსი სამხედროების დგომის აუცილებლობას შეამცირებდა. შესაბამისად, გაწვევის პროგრამა აღიქმებოდა როგორც ერის შენების პოლიტიკის ნაწილი და ეროვნული სუვერენიტეტისკენ სწრაფვა. სანამ ფენომანებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის დავები გაწვევასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით გრძელდებოდა, რუსეთის იმპერიაში სოციალისტებმა რევოლუცია მოაწყვეს. შედეგად, 1917 წელს ფინეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა სიტუაცია აქაც დაძაბული იყო და სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. ერთმანეთს ბურჟუაზიის მხარდაჭერილი ნაციონალისტები, თეთრი გვარდია და რუსეთში მომხდარი რევოლუციის მხარდამჭერი პროლეტარები, წითელი გვარდია დაუპირისპირდა. დამოუკიდებელი ფინეთის შეიარაღებული ძალები შეიქმნა 1918 წლის 25 იანვარს, როცა თეთრი გვარდია მთავრობის ახალ ძალებად გამოაცხადეს. სამოქალაქო ომის დროს, ფინურმა თეთრმა არმიამ მიიღო 1878 წლის გაწვევის აქტი, შეიცვალა მოხალისეობრივი მილიციის სახე და სავალდებულო სამსახურის ფორმისკენ სვლა დაიწყო. 1918 წლის აპრილის ბოლოსთვის თეთრი არმიის 39 000 კაციდან 55% გაწვეული მოსამსახურე იყო. ფინეთში თეთრების გამარჯვების შემდეგ, დიდ ხანს განიხილავდნენ რა ფორმა უნდა ჰქონოდა სამხედრო სამსახურს, უნდა ყოფილიყო კვლავ მოხალისეობრივი, მილიციის სახის, თუ სავალდებულო გაწვევის პროგრამა განევითარებინათ. სწორედ ამიტომ, 1928 წლამდე სამხედრო ინსტიტუტის რეგულარიზაცია ვერ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ გაწვევის დროებითი აქტი 1919 წელს დააინიიცირეს და 1922-ში კანონად მიიღეს.

1939-40 წლებში წვევამდელთა არმიამ საბჭოთა კავშირთან გამართულ ზამთრის ომში, საბოლოო ჯამში მარცხის მიუხედავად, შეძლო საკუთარი დანიშნულების შესრულება და სახელმწიფოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება.

რა თქმა უნდა, ფინეთის დღევანდელი გაწვევის სისტემა არაა იგივე, რაც გასული საუკუნის დასაწყისში მიიღეს. გაწვევის აქტი რამდენჯერმე შეიცვალა, 30-იან, 50-იან და 80-იან წლებში. სწორედ 1988 წლის ცვლილების შემდეგ შეიცვალა სამხედრო სამსახურის ვადები და მოვალეობების მიხედვით განაწილდა 180, 270 და 362 დღეზე. ახლანდელი სისტემით ეს ვადები 165, 255 და 347 დღეა.

ფინეთის თავდაცვის სისტემა დღეს

ფინეთის კონსტიტუციით, ყველა მოქალაქე ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ეროვნულ თავდაცვაში, თუმცა მხოლოდ 18-დან 60 წლამდე მამაკაცებს აკისრიათ სამხედრო სამსახურის გავლის ვალდებულება, ქალებს კი ამის გაკეთება მოხალისეობრივად შეუძლიათ.

ფინეთის სავალდებულო სამხედრო სამსახურის მთავარი გათვლა აქტიურ სამხედრო მოსამსახურეთა მცირე რიცხვი და კარგად მომზადებულ რეზერვისტთა დიდი რაოდენობაა. ასე ჰელსინკი არა მხოლოდ ეფექტიან თავდაცვის სისტემას ქმნის, არამედ ამ სფეროში ნაკლებ ფინანსებსაც ხარჯავს ისე, რომ საჭირო შეიარაღების შესყიდვას მაინც ახერხებდა. 

ცივი ომის დროს ფინეთი თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 1.6%-ს ხარჯავდა და 1990-იანების დასაწყისში ეს რიცხვი დრამატულად გაზარდა 1.9%-მდე, რადგან 1992 წელს აშშ-სგან F-18-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები შეიძინეს. ამის შემდეგ, თავდაცვის ხარჯების კლება დაიწყო და მინიმუმს 2001 წელს მიაღწია, როცა მშპ-ს 1.1%-ს გაუტოლდა. 2001 წლიდან სამხედრო სფეროსთვის გამოყოფილმა ფინანსებმა კვლავ ზრდა დაიწყო, 2012 წლამდე, როცა სამწლიანი რეფორმაციის პერიოდი დაიწყო და ბიუჯეტი 1.4-დან 1.2%-მდე შეამცირეს. ფინეთმა ხარჯების ზრდა უკრაინის გარშემო არსებული დაძაბულობის დროს, ჯერ კიდევ 2021 წელში, დაახლოებით 2%-მდე გაზარდა.

ფინეთის თავდაცვის ხარჯები 2011-2022 წლებში Statista-ს მიხედვით.

არც თუ ისე დიდი ხარჯების მიუხედავად, ფინეთმა გასულ წლებში შეძლო შეეძინა სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი სამხედრო ტექნიკა: AGM-158 ტიპის ჰაერი-მიწა რაკეტები აშშ-სგან (2012), ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები და Leopard 2A6 ტიპის ტანკები ნიდერლანდებისგან (2014), K9 ტიპის თვითმავალი ჰაუბიცები სამხრეთ კორეისგან (2017) და F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები აშშ-სგან (2021). ამას გარდა, გასულ წლებში გააუმჯობესეს წყალქვეშა რადიოლოკატორების სისტემები და ტორპედოები, ახლა კი საზღვაო ძალებში 4 გემს თანამედროვე ხომალდებით ცვლიან. საჰაერო ძალები და ფლოტი შეიარაღებულია მაღალტექნოლოგიური დანადგარებით, როგორიცაა ზემოხსენებული AGM-158 JASSM-ის ტიპის რაკეტები, Gabriel-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები და RIM-162 Sea Sparrow-ს ტიპის რაკეტები. 

დაახლოებით 5.5-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ფინეთის თავდაცვის ძალებს დაქირავებული ჰყავს 12 000-მდე პირი (დაახლოებით 8 000 სამხედრო და 4 000 სამოქალაქო პირი), რომლებიც განაწილებული არიან არმიაში, საჰაერო ძალებსა და საზღვაო ძალებში. აქედან, ფინეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 4 380 პირს (3 610 სამხედრო და 770 სამოქალაქო) კონტრაქტი გაფორმებული აქვს არმიასთან. 12 000 კაცს ზურგს უმაგრებენ წვევამდელებიც. სამხედრო სამსახურს ყოველწლიურად ფინელ მამაკაცთა 3/4 ასრულებს.  აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მონაცემებით, ფინეთის თავდაცვის ძალებში ამჟამად აქტიურია 22 000-მდე სამხედრო მოსამსახურე, რომელთაგანაც 15 000 არმიაში, 4 000 ფლოტში, 3 000 კი - საჰაერო ძალებში მსახურობს. ამ რიცხვებში არ შედის დაახლოებით 3 000-კაციანი სასაზღვრო გვარდია, რომელიც დაქვემდებარებულია შინაგან საქმეთა სამინისტროზე და საომარ მდგომარეობაში შესაძლებელია მისი თავდაცვის ძალებთან სრული ან ნაწილობრივი ინტეგრაცია. ამ რიცხვებზე დაყრდნობით მარტივად შეინიშნება, რომ ფინეთს აქტიურ სამხედრო მოსამსახურეთა დაბალი რიცხვი აქვს, მაშინ რა ხდის მათ სამხედრო სისტემას სახელგანთქმულს და ეფექტიანს? - რეზერვისტების ძალა. მცირე რაოდენობის კონტინგენტი საშუალებას იძლევა, რომ თავდაცვისთვის გამოყოფილი ხარჯები წვევამდელთა ეფექტიან მომზადებაზე დაიხარჯოს და რეალური შედეგი იქნას მიღებული. ფინეთის თავდაცვის ძალებში ყოველწლიურად 20 000-22 000 წვევამდელი იწვრთნება. ყველა მათგანი, ვინც სავალდებულო სამსახურს გაივლის, ირიცხება რეზერვში. შედეგად, რეზერვში 900 000-მდე ადამიანი (18-დან 60 წლამდე მამაკაცები და ქალი მოხალისეები) ირიცხება და საომარ პერიოდში ფინეთის თავდაცვას საკუთარი ძალების გაზრდა 280 000 კაცამდე შეუძლია, რომლის დანაკარგების შევსებასა და როტაციებს დანარჩენი ასიათასობით რეზერვისტის მეშვეობით შეძლებენ. შედარებისთვის, მეზობელ შვედეთს, რომელიც ფინეთს მოსახლეობით 2-ჯერ აღემატება, 24 000-მდე აქტიური სამხედრო და მხოლოდ 31 800 რეზერვისტი ჰყავს. წვევამდელების გარდა, პერიოდულად ტარდება რეზერვისტების წვრთნებიც. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ფინეთმა ყოველწლიურად გასაწვრთნელ რეზერვისტთა რაოდენობის 9 000-10 000-ი პირით გაზრდა გადაწყვიტა (19 000 რეზერვისტის მომზადების ნაცვლად). 

ფინეთის არმიაში ანაზღაურებაც მაღალია. მაგალითად, რეზერვისტების წვრთნების დროს, რიგითი რეზერვისტების ანაზღაურება დღეში 63.3 ევროა, უმცროსი ოფიცრების - 66.46 ევრო, ოფიცრებისთვის კი 69.62 ევრო.

ფინელი სამხედროები
Tommi Pesonen

ფინეთის ძალები შესაძლოა უხეშად დაიყოს შემდეგნაირად: საუკეთესოდ მომზადებული და შეიარაღებული ოპერატიული დანაყოფები, რეგიონული ძალები და ლოკალური დანაყოფები (რომელთა ნაწილი რეგულარულად იწვრთნება და მაღალ მზაობას ინარჩუნებს). ფინეთის საჰაერო და საზღვაო ძალები, მიუხედავად იმისა, რომ შეიარაღებულია მაღალტექნოლოგიური იარაღით და ტრადიციულად უფრო მაღალი ოპერაციული მზადყოფნა აქვთ, სამხედროთა დანაყოფები, რომლებსაც ამ ყველაფრის ოპერირება ევალებათ, თითქმის სრულად დაკომპლექტებულია წვევამდელებისგან და რეზერვისტებისგან.

მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო სამსახურის გავლის დროს წვევამდელები კარგ გამოცდილებას იღებენ და სასარგებლო შესაძლებლობებს იძენენ. ეს ფაქტორი სავალდებულო სამსახურისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რაც ისრაელის მაგალითზეც ჩანს. ისრაელის თავდაცვის ძალებში ნიჭიერ ახალგაზრდებს შესაძლებლობების მიხედვით ანაწილებენ ტექნოლოგიურ, საბრძოლო და სადაზვერვო დანაყოფებში. უნარ-ჩვევები, რომლებსაც ისინი ჯარში იმუშავებენ, ვალდებულების მოხდის შემდეგ სამოქალაქო ბაზარზეც ადგებათ. მაგალითად, ისრაელის მაღალტექნოლოგიური სექტორი, რომელიც ქვეყნის შემოსავლის მთავარი წყაროა, დიდწილად, დგას მოქალაქეებზე, რომლებიც ტექნოლოგიურ და საბრძოლო დანაყოფებში მსახურობდნენ. 2015 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ახალგაზრდა მოქალაქეების მხოლოდ 20% მსახურობდა ტექნოლოგიურ და საბრძოლო დანაყოფებში, მაღალტექნოლოგიურ სექტორში დასაქმებულ პირთა 60% გაწვევის დროს სწორედ ამ მიმართულებით იწვრთნებოდა. შეიძლება ფინეთი ამ მხრივ ისრაელს ვერ გაუტოლდეს, თუმცა მათი მომზადებული წვევამდელებიც მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს იმუშავებენ. იმისთვის, რომ წვევამდელმა პრაქტიკული გამოცდილება მიიღოს, საჭიროა წვრთნები ეფექტიანი იყოს. ამ მიმართულებით განვითარებისთვის ფინეთის თავდაცვის ძალებში სპეციალური რეფორმაც გაატარეს, სახელად "წვრთნა 2020" - "[რეფორმა] ფოკუსირებულია თუ როგორ შეძლებენ წვევამდელები ცოდნის მიღებას. ამ პროგრამის ფარგლებში, ფინეთის თავდაცვის ძალებმა მიიღეს ინოვაცია განათლებისა და ტექნოლოგიის მიმართულებით, რათა ახალგაზრდებისთვის უკეთ სწავლების მეთოდი შემუშავებულიყო. შედეგად, წვევამდელთა მოტივაცია გაიზარდა. შთამბეჭდავია, რომ ჯარის მსგავსმა კონსერვატიულმა ინსტიტუტმა ეს შეძლო", - ამბობდა Foreign Policy-სთან საერთაშორისო საქმეთა ფინური ინსტიტუტის სამხედრო ანალიტიკოსი, ჩარლი სალონიუს-პასტერნაკი.

თავის მხრივ, "წვრთნა 2020"-ის რეფორმა 2002 წელს წამოწყებული ინიციატივის "ტრანსფორმაციული ხელმძღვანელობის" გაგრძელება იყო. ეს რეფორმა მოიცავს სამხედრო სამსახურში გაწვეულთა რეგულარულ გამოკითხვას, თუ როგორია წვევამდელის ცხოვრება, ჰყოფნით თუ არა ძილი, როგორ ექცევიან მაღალი რანგის სამხედროები, როგორია სამხედრო სამსახურის პირობებში სტრესის მენეჯმენტი, როგორია ცენტრალურ ოფისებთან კომუნიკაცია და ა.შ. ამ პროგრამის მიზანი გაცემული პასუხების გაანალიზება და შესაბამისი, საჭირო ცვლილებების გატარებაა. გამოკითხვა ტარდება ყველა დონეზე: როგორც სამხედრო ჯგუფისთვის, ისე ასეულისთვის, ბატალიონისთვისა და ბრიგადისთვისაც. ბრიგადის გენერლის, იუკკა სონნინენის თქმით, როდესაც ხალხი ხვდება, რომ ეს პროცესი მუშაობს, მათი დამოკიდებულება სამხედროს სამსახურის მიმართ დრამატულად იცვლება.

ფინეთის თავდაცვის ძალების სამხედროები M270 რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემუს წინ, Cold Response 22-ის საერთაშორისო წვრთნებზე, ნორვეგიაში.
JONATHAN NACKSTRAND/AFP VIA GETTY IMAGES

ფინეთის თავდაცვის სისტემისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი თავდაცვის სფეროს ინდუსტრიაში არსებული კონკურენტული გარემოა. ქვეყნის სამხედრო სისტემის მომარაგებაში დიდ როლს თამაშობს თავდაცვის ინდუსტრია, თუმცა მათი ნაწარმის 40-60% ექსპორტზე გადის, მათ შორისაა კომუნიკაციის სისტემები, ტრანსპორტიორები, ხომალდები და დამცავი აღჭურვილობა. ფინეთის თავდაცვის ინდუსტრია ძირითადად პატარა და საშუალო ზომის კერძო კომპანიებისგან შედგება და მხოლოდ რამდენიმე დიდი მწარმოებელი არსებობს.

უკრაინის მაგალითი აჩვენებს, რომ ომის დროს წინააღმდეგობის გაწევაში როლს არა მხოლოდ შეიარაღება და არმიის რაოდენობა, არამედ ისიც განსაზღვრავს, თუ რამდენად მზად არიან მოქალაქეები საკუთარი ტერიტორიის დასაცავად. ფინეთის მაჩვენებელი, გამოკითხვების მიხედვით, ამ მხრივაც მაღალია. 2022 წლის კვლევით, გამოკითხულთა 82% მზადაა, დაიცვას ფინეთი შეძლებისდაგვარად, თუ მას თავს დაესხმებიან.


რომ დავუბრუნდეთ საქართველოს, ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ფინური თავდაცვის მოდელის მხოლოდ ფურცელზე გადმოტანა ჯარის რეალური რეფორმაციისთვისა და ეფექტიანობის გაზრდისთვის საკმარისი არ იქნება. ჰელსინკის ეფექტიან თავდაცვის სისტემას განაპირობებს არა მხოლოდ კანონის ფორმა, არამედ ის ისტორიული და სოციალური გამოცდილება, რომელსაც ფინელი ხალხი ერ-სახელმწიფოდ ფორმირების პროცესში იღებდა. წარმატებას ხელს უწყობს ძლიერი და სანდო სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც უწყვეტი დამოუკიდებლობის პერიოდში ყალიბდებოდა და ვითარდებოდა.

ბევრი კომპონენტი, რომელიც ფინეთის თავდაცვას აძლიერებს, ქართულ რეალობაში არ არსებობს. მაგალითად, საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებას წლებია რაც მნიშვნელოვანი განახლება არ გაუვლია. არ გაგვაჩნია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური შეიარაღება. რა თქმა უნდა, ახლა ულტრათანამედროვე დასავლურ შეიარაღებას, ტანკებსა და ავიაგამანადგურებლებს არავინ გადმოგვცემს, თუმცა გარკვეული მიმართულებებით მუშაობა შესაძლებელია, რადგან პირველ რიგში, საჭიროა თავდაცვითი სისტემები. განსაკუთრებით საგანგაშოა ფაქტი, რომ ბოლო წლებში ყურადღება არ ექცეოდა ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გაუმჯობესებას. თუ ფინეთი ბალტიის ზღვას თანამედროვე ტექნოლოგიით იცავს, საჭიროების შემთხვევაში, საქართველო შავი ზღვის სანაპიროებს რუსეთის შესაძლო აგრესიისგან ფაქტობრივად ვერ დაიცავს, რადგან ამჟამად ამისი შესაძლებლობა არ გაგვაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო პირები და ანალიტიკოსები თბილისს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების შეძენას ურჩევენ.

უკრაინაში ომის დაწყების მიუხედავად, საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. თუ 2021 წელს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი იყო 900 მილიონ ლარამდე, 2022-ში გამოიყო მხოლოდ დაახლოებით 1 მილიარდი. მნიშვნელოვან ზრდას არც 2023-ში ვხედავთ. წელს თავდაცვისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი 1.3 მილიარდ ლარს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ლარის კურსის ცვლილება 2021-სა და 2023-წლის ბიუჯეტს შორის რეალურ სხვაობას კიდევ უფრო აფართოებს (2023 წლის ბიუჯეტის სასარგებლოდ), თუმცა ეს არაა თავდაცვის ხარჯების ისეთი ზრდა, რომელიც არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში საკმარისია. ზოგადად, გასულ წლებში საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 1.7%-ის გარშემო ტრიალებდა, რაც 2016-2018 წლებთან შედარებით კლება იყო. მართალია ფინეთის თავდაცვის ბიუჯეტი, მშპ-ს პროცენტთან მიმართებაში ასევე არ ყოფილა განსაკუთრებით დიდი, თუმცა აქ მნიშვნელოვანია თავად ფინეთისა და საქართველოს მშპ-ს მასშტაბის სხვაობა. მაგალითად, 2019 წელს 5.5-მილიონიანი პოპულაციის მქონე ფინეთის მშპ დაახლოებით $268.5 მილიარდს, 3.7-მილიონიანი საქართველოსი კი - $17.4 მილიარდს უტოლდებოდა.

საქართველოს თავდაცვის ხარჯები მილიონ დოლარებში, 2013 წლიდან 2021 წლის ჩათვლით - SIPRI

არასწორია, როცა ოპოზიციის წარმომადგენლები უშუალოდ სავალდებულო სამხედრო სამსახურის დემონიზაციას ცდილობენ. მთავარი პრობლემა არა სავალდებულო სისტემა, არამედ ახალ კანონთან დაკავშირებული დამატებითი დეტალების ბუნდოვანება, ინსტიტუციური გაუმართაობა და ზოგადად თავდაცვის სფეროს არასაკმარისი დაფინანსებაა. ფინური სისტემის გადმოტანა, მხოლოდ ფურცელზე გადაწერით, შეუძლებელი იქნება, როცა კანონის ცვლილების "ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია" არა არსებული მთავარი პრობლემები, არამედ "გირჩის გამოწვევის დაძლევაა".

კომენტარები