ოთარ ფარცხალაძე

ბოკერია სებ-ზე: სიგნალია ვერტიკალისთვის – არ გაწირეს ივანიშვილის დავალების შემსრულებელი

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

"უტიფრობა და აბსურდი" - ასე აფასებს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას გამოცემულ საგამონაკლისო ბრძანებას და გაკეთებულ განმარტებებს. კერძოდ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო სანქცია იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ საქართველო არასდროს იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად", თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ოთარ ფარცხალაძის შემთხვევა საქართველოს მოქალაქისთვის სანქციის დაწესების "პირველი პრეცედენტია".

"არსად თითქმის მსოფლიოში და არსად თავისუფალ სამყაროში არანაირი პირდაპირი კავშირი სანქცირების ინსტრუმენტებს, უდანაშაულობის პრეზუმფციასა და სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს შორის არ არსებობსგანსხვავებაც არ არსებობს ჩვენი კონსტიტუციით, მოქალაქისა და არამოქალაქის უფლებებს შორის ამ საკითხში.

ანუ უტიფრად მოიგონეს ეს აბსურდი, მოიგონეს იმიტომ და მთელი მათი რეაქცია არის დადასტურება იმის, რომ ფარცხალაძე ინდივიდუალურად კი არ მოქმედებდა, არამედ, წარმოადგენდა ივანიშვილს და ამიტომ გადაეფარნენ მას - სიგნალი უნდა იყოს მთელი ვერტიკალისთვის, რომ არ გაწირეს ის, ვინც ასრულებდა ივანიშვილის რეჟიმის დავალებას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ღალატის ამ უტიფარ საქმეში - რუსეთში კავშირების დამყარება, იქ სტრუქტურების აგება ჩვენს ქვეყანაზე მათი გავლენების გასამყარებლად და მერე მხილება შეერთებული შტატებისგან პირდაპირ ჩვენი მტრის უსაფრთხოების სამსახურებთან კავშირში.

რას ნიშნავს ეს ქვეყნისთვის? მყისიერად ეს ნიშნავს რისკების შექმნას საბანკო სისტემისთვის, იმის მიუხედავად, რა ნაბიჯები მოჰყვება ამასიმედია, არ მოჰყვება, რადგან ბანკებისთვის დარტყმა პირდაპირ კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს ჩვენი მოქალაქეებისთვის, მაგრამ ეს რეჟიმი ამ რისკზე წავიდა ფარცხალაძის, ანუ მისი მოქმედებების დასაცავად და ამის გარეშეც, ეს არის კიდევ უფრო გაღრმავება საქართველოს იზოლაციის თავისუფალი სამყაროსგან, პირისპირ დატოვება რუსეთთან, რუსეთის გავლენის ზრდა, ჩვენი სახელმწიფოებრიობის რღვევისკენ სვლა და დიდი მსხვერპლის და სისხლისღვრის რისკი საქართველოსთვის, როდესაც ჩვენ მოგვიწევს ჩვენი ქვეყნის დაცვა ჩვენი მტრისგან.

ეს მოაქვს ივანიშვილის რეჟიმს ამ ნაბიჯებით და თუ ეს რეჟიმი არ გამოიცვალა, რომც გადადგან ფარცხალაძესთან დაკავშირებით ნაბიჯები - დაგვიანებით ჩამოართვან მოქალაქეობა და .. ეს არაფერს ცვლის. ამ რეჟიმის გამოცვლის გარეშე ჩვენ შანსი არ გვაქვს თავისუფლების და სახელმწიფოებრიობის დაცვის" - თქვა გიგა ბოკერიამ.

 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება 19 სექტემბერს შეიტანა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას ეწინააღმდეგებოდა. მისი მტკიცებით, ირღვეოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა.  სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, "ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მოგზაურობს რუსეთში. ონიშჩენკომ და ФСБ-მ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა რუსეთის სასარგებლოდ გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა ФСБ-თან კავშირით".

ამის შემდეგ, ქართულმა ბანკებმა ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშები გაუყინეს. ეროვნული ბანკის განმარტებით, 2022 წლის 26 თებერვლიდან საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად - სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის შესაძლებლობა.

აქვე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო. კანონმდებლობით, პირს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობა უწყდება. 

ფარცხალაძის ორმაგ მოქალაქეობაზე სალომე ზურაბიშვილი ირწმუნება, რომ "საქართველოს პრეზიდენტთან ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გადმოგზავნილა". პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბოლო განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას და მას "დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს".

კომენტარები