უნგრეთი-საქართველო

შალვა პაპუაშვილი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერს შეხვდა

 ლასლო კოვერი და შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერ ლასლო კოვერისს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის ცნობით, ორი ქვეყნის წარმომადგენელმა "ორმხრივ თანამშრომლობასა და საქართველოს ევროკავშირში შესვლის საკითხზე, კერძოდ, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების ტემპზე" ისაუბრა.

ლასლო კოვერისის შეფასებით, "ევროინსტიტუტებმა სასწრაფოდ უნდა აღადგინონ ის დაკარგული დრო და გამოასწორონ შეცდომა", როცა საქართველოს არ მისცეს კანდიდატის სტატუსი და მიანიჭეს უკრაინასა და მოლდოვას.

"საქართველო უბრალოდ კი არ იმსახურებს სტატუსს, ყველა გაგებით საქართველო არის ქრისტიანული ევროპის ნაწილი. ეს არის მეორე უძველესი ქვეყანა ქრისტიანულ ევროპაში. ქრისტიანობა არის საფუძველი ზოგადად ევროპის" - თქვა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

შალვა პაპუაშვილის თქმით, იმ დროს, როდესაც საქართველო ისწრაფვის ევროკავშირისა და NATO-ს წევრობისკენ, ამ ორგანიზაციების წევრი სახელმწიფოს პარტნიორობა და თანადგომა საქართველოსთვის განსაკუთრებით დასაფასებელია.

"შეხვედრაზე უნგრეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მივესალმებით და ვაფასებთ უნგრული მხარის უმაღლესი დონის განცხადებებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მკაფიოდ და უპირობოდ უჭერს მხარს". - თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები