იგორ გირკინი

რუს ულტრანაციონალისტს, იგორ გირკინს წინასწარი პატიმრობა 18 დეკემბრამდე გაუხანგრძლივეს

რუს ულტრანაციონალისტს, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი ე.წ. თავდაცვის მინისტრს, იგორ გირკინს წინასწარი პატიმრობა 18 დეკემბრამდე გაუხანგრძლივეს.

გირკინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 18 ივლისს აღიძრა. პროცესზე ბრალდებულის მხარე აღკვეთის ღონისძიების შერბილებას ითხოვდა, კერძოდ შინაპატიმრობაში გადასვლას. გირკინის ადვოკატები ამბობდნენ, რომ მათ მიერ დაცული ბრალდებული "ნებაყოფლობით უზრუნველყოფდა ტელეფონსა და ნოუთბუქზე წვდომას" და გამოძიებისგან მიმალვას არ აპირებდა, მზად იყო სასამართლოში ჩვენების მიცემისთვის. გირკინმა აქამდე აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ მოათავსეს წინასწარი დაკავების იზოლატორში.

იგორ გირკინი 21 ივლისს ექსტრემიზმისკენ მოწოდების ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს. საქმის განხილვამდე, 18 დეკემბრამდე რუსი ულტრანაციონალისტი წინასწარ პატიმრობაში დარჩება. გირკინი, გულის დაავადების საფუძველზე, შინაპატიმრობას ითხოვდა. მოსკოვის სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა. მას 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

2022 წლის ნოემბერში ნიდერლანდების სასამართლომ იგორ გირკინს სამუდამო პატიმრობა, მალაიზიის ავიახაზების სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, დაუსწრებლად მიუსაჯა. რეისი MH17-ის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი - 298 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები