იგორ გირკინი

სასამართლომ იგორ გირკინს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

რუსეთის საქალაქო სასამართლომ რუსი ულტრანაციონალისტი, იგორ გირკინი 18 სექტემბრამდე "ექსტრემიზმისკენ მოწოდების" ბრალდებით დააკავა.

გირკინმა სასამართლოში განაცხადა, რომ მას "მეორე ხარისხის სტენოკარდია" ჰქონდა, თუმცა ამის შესახებ ცნობის აღების დრო არ ჰქონდა: "ყოველდღიურად ვიღებ საჭირო მედიკამენტებს. მსურს აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა მომესაჯოს“.

მისი თქმით, გამომძიებლის განცხადება მისი პოტენციური გაფრენის შესახებ საზღვარგარეთ "სასაცილოა", რადგან მას ინტერპოლი ეძებს მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, ჰააგის ტრიბუნალმა კი სამუდამო პატიმრობაც მიუსაჯა.

დაკავებული რუსი ულტრანაციონალისტი, იგორ გირკინი ეჭვმიტანილია ექსტრემისტული საქმიანობის შესრულებისკენ საჯარო მოწოდებებში, მედიისა და ინტერენტის გამოყენებით.

საგამოძიებო კომიტეტი გირკინის დაკავებას ითხოვს. მის საქმეს მოსკოვის საქალაქო სასამართლო განიხილავს. გირკინს 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება. 

აქამდე ცნობილი გახდა, რომ ულტრანაციონალისტი, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი იგორ გირკინი (სტრელკოვი) საკუთარი სახლიდან სამართალდამცველებმა გამოიყვანეს და ჩხრეკა ჩაატარეს.

წინასწარი ინფორმაციით, ის დააკავეს ყოფილი ვაგნერელის განცხადების გამო. გირკინის ტელეგრამ-არხზე მისმა ცოლმა, მიროსლავ რეგინსკამ გამოაქვეყნა ცნობა, რომ ის სახლში არ იყო, როდესაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ. მისი თქმით, ქმრის მეგობრებისგან გაიგო, რომ გირკინი ეჭვმიტანილია ექსტრემიზმში.

გირკინი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აქტიურად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურ ვალერი გერასიმოვს. ასევე, ითხოვდა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას. ის დაპირისპირებული იყო კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფთან და მის დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინთანაც. გასულ თვეებში მან შექნმა მოძრაობა გაბრაზებულ პატრიოტთა კლუბი.

გირკინი უკმაყოფილო იყო გავრცელებული ცნობით, რომ ვაგნერელები ანაპის სასტუმროში განათავსეს. ულტრანაციონალისტის მიერ მოქირავნეთა ჯგუფის კრიტიკით უკმაყოფილო იყო გაბრაზებულ პატრიოტთა კლუბის ზოგიერთი წევრი, რომლებიც გირკინს რიტორიკის შემსუბუქებისკენ მოუწოდებდნენ. გირკინი საპასუხოდ იმუქრებოდა, რომ კლუბს დატოვებდა.

კომენტარები