იგორ გირკინი

მოსკოვის სასამართლომ იგორ გირკინი პატიმრობაში დატოვა

დაკავებული იგორ გირკინი
Reuters

მოსკოვის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ულტრანაციონალისტი და თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილი ე.წ. თავდაცვის მინისტრის იგორ გირკინის (სტრელკოვი) მოთხოვნა და ის პატიმრობაში დატოვა.

"არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საჩივრები". – ნათქვამია სასამართლოს განაჩენში.

როგორც სასამართლოში ცნობილი გახდა, გირკინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 18 ივლისს აღიძრა. პროცესზე ბრალდებულის მხარე ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების შერბილებას, კერძოდ შინაპატიმრობაში გადასვლას. გირკინის ადვოკატები ამბობდნენ, რომ მათ მიერ დაცული ბრალდებული "ნებაყოფლობით უზრუნველყოფდა ტელეფონსა და ნოუთბუქზე წვდომას" და გამოძიებისგან მიმალვას არ აპირებდა, მზად იყო სასამართლოში ჩვენების მიცემისთვის. გირკინმა აქამდე აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ მოათავსეს წინასწარი დაკავების იზოლატორში.

"თავს დამნაშავედ არ ვთვლი და სასამართლოსგან დამალვის ფორმალურ მიზეზსაც ვერ ვხედავ". – ამბობდა გირკინი.

იგორ გირკინი 21 ივლისს ექსტრემიზმისკენ მოწოდების ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს. საქმის განხილვამდე, 18 სექტემბრამდე რუსი ულტრანაციონალისტი წინასწარ პატიმრობაში დარჩება. გირკინი, გულის დაავადების საფუძველზე, შინაპატიმრობას ითხოვდა. მას 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

2022 წლის ნოემბერში ნიდერლანდების სასამართლომ იგორ გირკინს სამუდამო პატიმრობა, მალაიზიის ავიახაზების სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, დაუსწრებლად მიუსაჯა. რეისი MH17-ის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი - 298 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები