იგორ გირკინი

გამოძიებამ იგორ გირკინის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები გაასაიდუმლოვა

გამოძიებამ დონეცკის პრორუსული სეპარატისტული ძალების ყოფილი მეთაურის, იგორ გირკინის (სტრელკოვის) წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალების გასაიდუმლოება გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას RBC-ი გირკინის ადვოკატზე, ალექსანდრე მოლოხოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადვოკატმა დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა, რადგან მისი თქმით, ნებისმიერი ასეთი კომენტარი სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებად ჩაითვლებოდა. გირკინი, რომელსაც ბრალი ექსტრემიზმის წაქეზებაში ედება, მოსკოვის ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. 

21 ივლისს გირკინის საქმის ბოლო სასამართლო სხდომაზე ითქვა, რომ გამოძიებაში ФСБ-ის გამომძიებლები იყვნენ ჩართულნი. მანამდე კი სტრელკოვმა წინასწარი დაკავების იზოლატორში საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიის წევრებთან ურთიერთობაზე უარი მიზეზებზე საუბრის გარეშე თქვა.

21 ივლისს რუსეთის საქალაქო სასამართლომ გირკინი 18 სექტემბრამდე "ექსტრემიზმისკენ მოწოდების" ბრალდებით დააკავა.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ ულტრანაციონალისტი, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი იგორ გირკინი (სტრელკოვი) საკუთარი სახლიდან სამართალდამცველებმა გამოიყვანეს და ჩხრეკა ჩაატარეს.

წინასწარი ინფორმაციით, ის დააკავეს ყოფილი ვაგნერელის განცხადების გამო. გირკინის ტელეგრამ-არხზე მისმა ცოლმა, მიროსლავ რეგინსკამ გამოაქვეყნა ცნობა, რომ ის სახლში არ იყო, როდესაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მივიდნენ. მისი თქმით, ქმრის მეგობრებისგან გაიგო, რომ გირკინი ეჭვმიტანილია ექსტრემიზმში.

გირკინი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აქტიურად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურ ვალერი გერასიმოვს. ასევე, ითხოვდა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას. ის დაპირისპირებული იყო კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფთან და მის დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინთანაც. გასულ თვეებში მან შექნმა მოძრაობა გაბრაზებულ პატრიოტთა კლუბი.

გირკინი უკმაყოფილო იყო გავრცელებული ცნობით, რომ ვაგნერელები ანაპის სასტუმროში განათავსეს. ულტრანაციონალისტის მიერ მოქირავნეთა ჯგუფის კრიტიკით უკმაყოფილო იყო გაბრაზებულ პატრიოტთა კლუბის ზოგიერთი წევრი, რომლებიც გირკინს რიტორიკის შემსუბუქებისკენ მოუწოდებდნენ. გირკინი საპასუხოდ იმუქრებოდა, რომ კლუბს დატოვებდა.

კომენტარები