ირაკლი ღარიბაშილი აშშ-ში

ქადაგიშვილი: ჩარტერული რეისი თითქოს რაღაც განსაკუთრებული რამ არის

საქართველოს პარლამენტი

"თითქოს რაღაცა განსაკუთრებულია" - ასე აფასებს ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისს ევროპის მიმართულებით. მისივე მტკიცებით, პრემიერმინისტრმა რეისისთვის საკუთარი ხაჯები გამოიყენა.

"ადამიანმა შვებულების დროს თავისი გადახდილი თანხით იმგზავრა ევროპაში თვითმფრინავით, მერე ევროპიდან კომერციული რეისით იმგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში. შვებულების დროს ადამიანმა, მოქალაქემ, ამ შემთხვევაში ის უკვე აღარ არის პირდაპირი გაგებით ვამბობ პრემიერი, შვებულებაშია, თავისი თანხებით იმგზავრა ოჯახთან ერთად.

აქ თუ არის სისხლის სამართლის დანაშაული, არ ვიცი ვიღაცამ შესაბამისი მუხლები მოიყვანოს. ჩარტერული რეისი თითქოს რაღაცა განსაკუთრებული რამ არის. აქ არის და ივსება დეკლარაცია და იმ დეკლარაციაში ჩანს პრემიერმინისტრის ყველა შემოსავალიც და ყველა გასავალიც" - ამბობს ქადაგიშვილი. 


ნოდარ მელაძის შაბათის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. Georgian Airways-ის ხელმძღვანელი, თამაზ გაიაშვილი კი, TV პირველთან ამბობს, რომ მისმა კომპანიამ პრემიერმინისტრი მიუნხენში წაიყვანა. სწორედ იქიდან გაფრინდა ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში.

საქართველოს მთავრობის სტრატკომი ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში მგზავრობის შესახებ TV პირველის ეთერში გასულ სიუჟეტს "დეზინფორმაციულს" უწოდებს. სტრატკომის შეფასებით, "ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას".

მთავრობის სტრატკომი კვლავ ირწმუნება, რომ რეისი, რომლითაც პრემიერმინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და ამ "კერძო ვიზიტისას პრემიერმინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა".

ქართული ოცნების ლიდერების - კახა კალაძისა და ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისისთვის "არცერთი თეთრი არ დახარჯულა ბიუჯეტიდან" და ყველა ხარჯი მისი პირადი თანხებით დაიფარა.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შვილი, ნიკოლოზი აშშ-ს პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლობს, რომელიც ბენჯამინ ფრანკლინის დაარსებულია. 

კომენტარები