საარჩევნო კოდექსის ცვლილება

გირჩი-დროა საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე: ოცნება აგრძელებს 12 პრიორიტეტით მანიპულირებას

დროასა და გირჩი-მეტი თავისუფლების ახლადშექმნილი გაერთიანება საარჩევნო კოდექსში დაანონსებულ ცვლილებებს განცხადებით გამოეხმაურა, სადაც წერია რომ კანონპროექტი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად და კანდიდატის სტატუსის მიღებას მნიშვნელოვანი დარტყმის ქვეშ აყენებს.

"ქართული ოცნება აგრძელებს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტით მანიპულირებას, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, რითიც მნიშვნელოვან დარტყმას  აყენებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს". - წერია განცხადებაში.

საქმე ეხება ახალ კანონპროექტს, რომლის თანახმად 76 ხმის ნაცვლად, რომლითაც არსებული სისტემის მიხედვით ცესკოს თავმჯდომარე და წევრები 5 წლის ვადით ირჩევნიან, ახლა საჭირო იქნება 90 ხმის მობილიზება, ანუ ხმების 3/5-ის. იმ შემთხვევაში, თუ 90 ხმა ვერ მოგროვდა, გადაწყვეტილების მიღება ისევ 76-ხმიანი სისტემით მოხდება. თუ საკანონმდებლო ორგანოში ვერც 76 ხმაზე შეთანხმდა, მაშინ პარლამენტი კანდიდატებს საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს და პრეზიდენტი გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად მიიღებს.

გირჩი-დროაში ამბობენ, რომ პრეზიდენტის როლი ამ კანონპროექტში შეგნებულად, საერთაშორისო და შიდა აქტორების შეცდომაში შესაყვანად არის შეტანილი. გაერთიანებაში ამტკიცებენ, რომ რეალურად, ცვლილების მიღების შემთხვევაში, ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო 76 ხმის მობილიზება ოცნებას არ გაუჭირდება, რადგან პარლამენტში 84 მანდატი აქვს. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ერთპიროვნულად აირჩევენ, მსგავსი ტყუილები კი მიუთითებს, რომ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად მმართველი ძალა რეალური რეფორმების გატარებას არ გეგმავს.

"საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტის წინ, ქართული ოცნების პროვოკაციული ინიციატივა წარმოადგენს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების იმიტაციას. ამ პროცესის მიზანია ჯოზეფ ბორელის ვიზიტი დასრულდეს შეფასებით, თითქოს ივანიშვილის გუნდი მზადაა, პოზიტიური დინამიკა შექმნას საქართველოს ევროკავშირის მოთხოვნებთან თავსებადობის მიმართულებით, რაც საქართველოს მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანას, რუსი ოლიგარქისა და მისი გუნდის რეალური განზრახვის დაფარვასა და სტატუსზე უარის შემთხვევაში შედეგის ევროპელი პარტნიორებისათვის გადაბრალებას ისახავს მიზნად". - წერია განცხადებაში.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველის 7-8 სექტემბერს ეწვევა.


3 ივლისს საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლია. ცვლილებებს კენჭი იმავე დღეს თავიდან უყარეს და პარლამენტმა ის დაამტკიცა.

ქართული ოცნების დეპუტატების მიერ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. არსებული კანონმდებლობით, ეს უფლებამოსილება მხოლოდ პრეზიდენტს ჰქონდა.


6 სექტემბერს დროამ და გირჩი-მეტი თავისუფლებამ საარჩევნო გაერთიანება შექმნეს. ორმა პარტიამ ვიდეორგოლი გაავრცელა - "დროა და გირჩი მეტი თავისუფლება - ნორმალური არჩევანი".

კომენტარები