საარჩევნო კოდექსის ცვლილება

პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში ცვლილების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

საქართვალოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოდექსში ცვლილების შესახებ კანონს ხელი მოაწერა - ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს.

"დღეს ხელი მოვაწერე "საარჩევნო კოდექსში" ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის 3 წლის განმავლობაში "19 აპრილის შეთანხმების" მიერ შექმნილი ჩიხი და აირჩიოს ცესკოს პროფესიული წევრები და თავმჯდომარე.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ მანამდე მოქმედი რეგულაცია - ხმების 2/3-ით ცესკოს წევრების არჩევა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სათადარიგო თავმჯდომარედ გამწესება - არცერთ ქვეყანაში არ არსებობს. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს უცნაური წესი არ შემუშავებულა პარტიების დიალოგის საფუძველზე, არამედ იყო მედიატორის დაჟინებული იდეა, რომელმაც ფაქტია, რომ არ იმუშავა და ვერც იმუშავებდა, მით უმეტეს მომავალ არჩევნებამდე დარჩენილ დროში.

ისიც ფაქტია, რომ ოპოზიცია ამ ჩიხურ სიტუაციას არჩევნების შედეგების არაღიარების საბაბად გამოიყენებდა.

კანონი რომელსაც ჩიხში შევყავართ, უნდა შეიცვალოს. ეს აქსიომაა. ხოლო კანონი, რომლის მიერ შექმნილმა ჩიხმა შეიძლება რადიკალიზმი წაახალისოს და ქვეყანა დააზიანოს, უნდა შეიცვალოს რაც შეიძლება მალე.

მიუხედავად "19 აპრილის შეთანხმების" ანულირებისა, ჩვენ, მაინც, თითქმის სამი წელი მივეცით ამ ექსპერიმენტულ რეგულაციას, იმისთვის რომ ემუშავა. თუმცა, მოახლოებული არჩევნების წინ ფუჭ ექსპერიმენტებს ვერ დავუშვებთ.

ქართველმა ხალხმა ქვეყნის მართვის მანდატი დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და არა მათ დასაკნინებლად მოგვანიჭა". - წერს პაპუაშვილი Facebook-ზე. 

22 მარტს პაპუაშვილმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაძლევის მიუხედავად, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე ხელს არ მოაწერდა, ამას 25 მარტს, ანუ დღევანდელ დღეს თვითონ გააკეთებდა.


საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე არსებული კანონპროექტის თანახმად, 76 ხმის ნაცვლად, რომლითაც არსებული სისტემის მიხედვით ცესკოს თავმჯდომარე და წევრები 5 წლის ვადით ირჩევიან, ახლა საჭირო იქნება 90 ხმის მობილიზება, ანუ ხმების 3/5-ის. იმ შემთხვევაში, თუ 90 ხმა ვერ მოგროვდა, გადაწყვეტილების მიღება ისევ 76-ხმიანი სისტემით მოხდება. თუ საკანონმდებლო ორგანოში ვერც 76 ხმაზე შეთანხმდა, მაშინ პარლამენტი კანდიდატებს საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს და პრეზიდენტი გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად მიიღებს.

ასევე, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს.

მიღებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობაც უქმდება, რომელზეც ცესკოს პარტიული წევრებისგან ინიშნება პირი და რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

20 თებერვალს, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მე-3 მოსმენით მიიღო. ცვლილება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ეხება. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, 6-მა კი მის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა.

5 მარტს სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს  ვეტო დაადო.

ხოლო 19 მარტს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლია. პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიას მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, 13-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა - შედეგად, უმრავლესობამ ვეტო დაძლია.

კომენტარები