საარჩევნო კოდექსის ცვლილება

ოცნების კანონპროექტით, საკრებულოს მაჟორიტარების ასარჩევად საჭირო 40%-იანი ბარიერი უქმდება

timer.ge

ქართული ოცნების მიერ ინიციირებული ცვლილებების თანახმად, საკრებულოს მაჟორიტარების ასარჩევად საჭირო 40%-იანი ბარიერი უქმდება. საარჩევნო კოდექსში ამგვარი ცვლილების შეტანის შემთხვევაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს. 

"საქართველოს ორგანული კანონის "საქართველოს საარჩევნო კოდექსი" დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს წევრად არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 40 პროცენტზე მეტს მიიღებს. არსებული რეგულაციიდან გამომდინარე, ხშირია შემთხვევები, როდესაც საჭირო ხდება საკრებულოს არჩევნების მეორე ტურის გამართვა. რაც, თავის მხრივ, აფერხებს საკრებულოს, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს, სწრაფად დაკომპლექტებასა და შესაბამისად მის მყისიერ ეფექტურ ფუნქციონირებას". - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

აღნიშნული კანონპროექტით, საკრებულოს არჩევნების მეორე ტური აღარ გაიმართება, შედეგად, მუნიციპალიტეტების საკრებულოების პირველი სხდომის მოწვევის შესაძლებლობა გაცილებით მოკლე ვადებში იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, საარჩევნო კანონს ახალი მუხლი დაემატება, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს. ამ შემთხვევაში, პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის გასწვრივ მიეთითება იმ საარჩევნო ოლქის ნომერი, რომლის ტერიტორიაზეცაა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად წარდგენილი.

"პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვის შემდეგ, აღარ იარსებებს რეგიონალური პრინციპით დანერგილი წარმომადგენლების - მაჟორიტარების ინსტიტუტი. შესაბამისად, საქართველოს რეგიონებში არსებული, განსხვავებული გარემო-პირობებიდან გამომდინარე, მოსახლეობისთვის შექმნილ საჭიროებებზე მყისიერი და შესაბამისი კომპეტენციის რეაგირების გაწევის მიზნით, პარტიები უფლებამოსილნი იქნებიან პარტიული სიების ფორმირებისას, განსაზღვროს ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის ან/და მუნიციპალიტეტის ნაწილის დელეგატი". - აღნიშნულია განმარტებით ბარათში. 

კომენტარები