საარჩევნო კოდექსის ცვლილება

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

ქართული ოცნების დეპუტატები პლენარულ სხდომაზე, 8 თებერვალი
ქართული ოცნება

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო დაძლია. პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიას მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, 13-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა - შედეგად, უმრავლესობამ ვეტო დაძლია.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტი კანონპროექტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავდა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა. კენჭისყრაზე პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ვერსიას მხარი 12-მა დეპუტატმა დაუჭირა, უმრავლესობის 61-მა წევრმა კი ის არ გაიზიარა, რის შედეგადაც საკითხი ჩავარდა. 

20 თებერვალს, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მე-3 მოსმენით მიიღო. ცვლილება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ეხება. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, 6-მა კი მის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა.

5 მარტს კი სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს  ვეტო დაადო.

საკითხს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძეც გამოეხმაურა, მისი თქმით, თუ ეს პარლამენტის შეთავაზებული კანონპროექტი, გავიდა, "ეს იქნება ერთპარტიულად დაკომპლექტებული ცესკო". 


კანონპროექტის თანახმად, 76 ხმის ნაცვლად, რომლითაც არსებული სისტემის მიხედვით ცესკოს თავმჯდომარე და წევრები 5 წლის ვადით ირჩევიან, ახლა საჭირო იქნება 90 ხმის მობილიზება, ანუ ხმების 3/5-ის. იმ შემთხვევაში, თუ 90 ხმა ვერ მოგროვდა, გადაწყვეტილების მიღება ისევ 76-ხმიანი სისტემით მოხდება. თუ საკანონმდებლო ორგანოში ვერც 76 ხმაზე შეთანხმდა, მაშინ პარლამენტი კანდიდატებს საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს და პრეზიდენტი გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად მიიღებს.

ასევე, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს.

მიღებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობაც უქმდება, რომელზეც ცესკოს პარტიული წევრებისგან ინიშნება პირი და რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

კომენტარები