პოლონეთი

ვარშავის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა, მგზავრს ბარგში "ხელყუმბარის მსგავსი ნივთი" ჰქონდა

lotnisko-chopina.pl

28 აგვისტოს ვარშავის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა მგზავრის გამო, რომელსაც ბარგში საბრძოლო მასალა და "ხელყუმბარის მსგავსი ნივთი" ჰქონდა. პოლონური მედიის ინფორმაციით, ამ მიზეზით აეროპორტის ერთერთი ტერმინალი მინიმუმ ორი საათით არ ფუნქციონირებდა. მესაზღვრეებს აეროპორტიდან ჯამში 400 ადამიანის ევაკუაცია მოუწიათ.

საზღვრის დაცვის სამსახურის სპიკერის, ლეიტენანტ ანა მიხალსკას თქმით, ვარშავის აეროპორტის დაცვის სამსახურის თანამშრომელმა უსაფრთხოების შემოწმებისას მამაკაცის ხელბარგში 4 ვაზნა და საბრძოლო მასალა აღმოაჩინა. ამის საფუძველზე ჩაბარებული ბარგიც გაჩხრიკეს. ოფიცრებმა მასში ყუმბარის მსგავსი ნივთი აღმოაჩინეს, სწორედ ამის შემდეგ გამოცხადდა ევაკუაცია. ამ დროისთვის, ვარშავის შოპენის აეროპორტის მუშაობა სრულად აღდგენილია.

"ყუმბარის მსგავსი ნივთი" სპეციალური ავტომობილით გადაიტანეს. მას ექსპერტები შეისწავლიან.

სამხრეთ აფრიკის მოქალაქე, რომელიც დუბაიში მიფრინავდა, დააკავეს. ის სასამართლოს წინაშე 29 აგვისტოს წარსდგება.  

კომენტარები