ირანის ბირთვული შეთანხმება

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ ირანის ბირთვულ შეთანხმებას დატოვებს

დონალდ ტრამპი
Bloomberg

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, გადაწყვეტილებით, ქვეყანა ირანის ბირთვულ შეთანხმებას დატოვებს. ტრამპმა განაცხადა, რომ ის გამოიყენებს ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ მიწოდებულ დოკუმენტებს. 

"გასულ კვირას ისრაელმა გამოაქვეყნა საიდუმლო დოკუმენტები, რომელსაც დიდხანს მალავდა ირანი. თუკი მე შევინარჩუნნებდი ამ შეთანხმებას, მალე შუა აღმოსავლეთში ბირთვული იარაღებით ომი დაიწყებოდა, რადგან ყველას მოუნდებოდა ჰქონოდა მზად თავისი იარაღი იმ დროისთვის, როცა ირანს ექნებოდა თავისი,"- განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპის განცხადებით, ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც გადაწყვეტს, დაეხმაროს ირანს თავისი მიზნის შესრულებაში, მკაცრი სანქციები უნდა დაუწესდეს. პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკა ბირთვულ მუქარას არ აიტანს. 

"რამდენიმე წუთში, მე გავაფორმებ საპრეზიდენტო მემორანდუმს, რათა აშშ-მ აღადგინოს ირანის რეჟიმზე დაწესებული სანქციები. ჩვენ შევიმუშავებთ ეკონომიკური სანქციების უმაღლეს დონეს," - განაცხადა ტრამპმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.  

გასულ კვირას ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, განაცხადა, რომ მას აქვს არქივი, სადაც ირანის ბირთვული გეგმების შესახებ მოპარული ინფორმაციაა დაცული. მან ირანი ბირთვული იარაღის დამზადების გეგმების შესახებ სიცრუეში დაადანაშაულა. 

ისრაელის თავდაცვის სამინისტროში საზოგადოებას დოკუმენტები და დისკები წარუდგინეს, რომლებიც ისრაელის განცხადებით, ამტკიცებს, რომ ირანი საერთაშორისო ატომურ სააგენტოს წლების მანძილზე ატყუებდა, როდესაც აცხადებდა, რომ ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურებოდა. 

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს შენობაში, საზოგადოებას წარუდგინეს დოკუმენტები და დისკები, რომლებიც ისრაელის თქმით ამტკიცებს, რომ ირანი საერთაშორისო ატომურ სააგენტოს წლების მანძილზე ატყუებდა, როდესაც აცხადებდა, რომ ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურებოდა.

"ეს დოკუმენტები ამტკიცებს, რომ ირანი ურცხვად იტყუება მაშინ, როდესაც აცხადებს, რომ არასდროს ჰქონია ატომური იარაღის პროგრამა," - თქვა მან.

ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ამის მტკიცებულებას იანვარში "მოსადის" აგენტების მიერ თეირანში მდებარე საიდუმლო საწყობიდან მოპარული 55 000-გვერდიანი დოკუმენტები და 183 დისკი შეიცავს. საიდუმლო ოპერაციის შესახებ დონალდ ტრამპს ინფორმაცია იანვარში "მოსადის" ხელმძღვანელმა მიაწოდა.

ირანში ნეთანიაჰუს განცხადებებს "ბავშვური და სასაცილო თამაში" უწოდეს და ის შეაფასეს როგორც წინასწარ დადგმული შოუ რომელიც მიზნად ტრამპის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენას ისახავს.

დოკუმენტების გაცნობის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ისინი ავთენტურია და ჩანს, რომ ირანი სულ მცირე საკუთარ მოსახლეობას გამუდმებით ატყუებდა. პომპეოს თქმით, დოკუმენტები ადასტურებს, რომ ბირთვული შეთანმება ტყუილებზეა დაფუძნებული.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა დონალდ ტრამპს მოუწოდა არ მიატოვოს ირანის ბირთვული შეთანხმება. BBC-ისთან საუბარში მან განაცხადა, რომ შეთანხმება "მნიშვნელოვან დიპლომატიურ გამარჯვებას" წარმოადგენს და მისი დატოვების შემთხვევაში ომის დაწყების რისკი გაიზრდება.

დონალდ ტრამპს 12 მაისამდე უნდა მიეღო გადაწყვეტილება, დატოვებდა თუ არა აშშ ირანის ბირთვულ შეთანხმებას. მას ამას საკითხთან დაკავშირებით საუბარი ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან. ორივე მათგანი შეთანხმების შენარჩუნების მომხრე იყო. მაკრონთან შეხვედრისას, გავრცელებული ცნობით, პრეზიდენტებმა არსებული შეთანხმების გაფართოვებაზე და გაუმჯობესებაზეც ისაუბრეს. 

კომენტარები