ევროპული საქართველო

ჩერგოლეიშვილი: რეჟიმი სატელიტებით კამპანიას აგორებს, რომ ოპოზიცია დასავლეთიდან ფინანსდება

ტაბულასა და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ა(ა)იპ რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის მიერ სახელმწიფო აუდიტისთვის ოპოზიციური პარტიების დაფინანსების მოკვლევის დაწყების მოთხოვნის შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს. ჩერგოლეიშვილი წერს, რომ ქართული ოცნება სატელიტი ორგანიზაციის მეშვეობით მორიგ კამპანიას აგორებს იმაზე, რომ ოპოზიციური პარტიები დასავლეთიდან ფინანსდებიან.

"მალე გავიგებთ ეს პოლიტიკური რეპრესიებისთვის სჭირდებათ, თუ უბრალოდ ანტიდასავლური პროპაგანდისთვის ამაზე მარჩიელობას ახლა აზრი არ აქვს". – წერს ჩერგოლეიშვილი.

ორგანიზაცია რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის დამფუძნებელმა, დავით ჩიხელიძემ აუდიტის სამსახურს მიმართა, შეისწავლონ ოპოზიციურ პარტიებთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების რეგულირება, მათ შორის იყო ევროპული საქართველოც, რომელიც პარტიული აქტივობების "მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან ერთად განხორიციელბაში" დაადანაშულეს.

ჩერგოლეიშვილის პოზიციით, საქართველოს ეროვნული საფრთხეების დასაძლევად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების თანამშრომლობა აუცილებელია და ევროპული საქართველო აპირებს, პარტნიორ ორგანიზაციათა ქსელი მეტად გააფართოოს.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმ ეროვნული საფრთხეების დასაძლევად, რაც საქართველოს წინაშე დგას და იმ ღირებულებების დასაცავად, რასაც მრავალი ქართველი ისტორიული გმირის სიცოცხლე შეეწირა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა თანამშრომლობაა საჭირო. ასეთი საკითხია რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილი ქართველთა გენოციდი, ასეთია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმების საგზაო რუკის შემუშავება, ასეთია ჩვენი ევროპული იდენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

უფრო მეტიც, ვაპირებთ, პარტნიორ ორგანიზაციათა ქსელი მეტად გავაფართოოთ, რათა ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამოცანებს - ამ ქვეყნის დემოკრატიზაციას და ევროპაში ინტეგრაციას მივაღწიოთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აქ და ახლა ბოროტება მაშინ გაიმარჯვებს, თუ კარგი ხალხი უქმად იქნება და ვაპირებთ ყველა კარგი ადამიანის ძალისხმევა გავაერთიანოთ საქართველოს ისტორიული მისიის დასაცავად - ქვეყნის დემოკრატიზაციის და ევროპაში ინტეგრაციის მისაღწევად.

ქართული, ანუ ევროპული ღირებულებების დაცვა და რუსეთის როლის შეფასება, არა უბრალოდ პარტიული ამოცანა, არამედ ჩვენი საერთო ეროვნული მისიაა. როგორც ევროპული საქართველოს მხარდამჭერს, მხოლოდ მახარებს, რომ რომ ამ ისტორიულ მისიასთან ჩვენ გვაკავშირებენ, მაგრამ ქართველთა გენოციდის, ევროპული იდენტობის, ანდაც დემოკრატიული რეფორმების შესახებ ღონისძიებების კანონდარღვევად გამოცხადება, მხოლოდ რუსული რეჟიმის სატელიტს შეიძლება მოუვიდეს თავში. რუსული რეჟიმისგან ეს არ გვიკვირს. სანამ არ ამოვძირკვავთ, მათ მავნებლობას კარტ ბლანში ექნება". – წერს ჩერგოლეიშვილი.

ორგანიზაცია რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის დამფუძნებელმა "უკანონო შემოწირულების" მიღებაში დაადანაშაულა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, გირჩი – მეტი თავისუფლება, დროა, პარტია ხალხისთვის, მოქალაქეები, რესპუბლიკური პარტია და სტრატეგია აღმაშენებელი.

ორგანიზაციის მტკიცებით, პარტიები არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონოდ იღებენ შემოწირულებას და ეს "კანონმდებლობის გვერდის ავლით" ხდება.

კომენტარები