ტაივანი-ჩინეთი

ჩინეთი არაფრისგან აურზაურს ქმნის – ტაივანის ვიცეპრეზიდენტი

ტაივანის ვიცეპრეზიდენტი, უილიამ ლაი
Carlos Garcia Rawlins/Reuters

ტაივანური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც უილიამ ლაის ნიუ-იორკში ვიზიტისას ჩაიწერა და ეთერში 19 აგვისტოს გავიდა, ტაივანის ვიცეპრეზიდენტმა და 2024 წელს გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების ლიდერმა კანდიდატმა თქვა, რომ ტაიპეის მაღალჩინოსნების ვიზიტებთან დაკავშირებით ჩინეთი "არაფრისგან აურზაურს ქმნის".

ლაიმ მომავალი არჩევნების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ჩინეთის გადასაწყვეტი არ არის ვინ გახდება გამარჯვებული.

"ჩემი პოზიციაა, რომ ტაივანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნაწილი არ არის. ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან კავშირების დამყარება და უსაფრთხოების გარანტიებით ჩინეთთან საუბარი გვსურს". - თქვა მან.

უილიამ ლაის კომენტარი მოსდევს ნიუ-იორკში მისი ვიზიტის პასუხად პეკინის მიერ გამართულ სამხედრო წვრთნებს, რომლის დროსაც ტაივანის სრუტე 26-მა ჩინურმა საბრძოლო თვითმფრინავმა გადაკვეთა. გარდა ამისა, ტაივანის თავდაცვის მინისტრის თქმით, კუნძულის მიმართულებით განლაგდა ჩინური საბრძოლო საზღვაო ხომალდები, მოიერიშე თვითმფრინავები და ბომბდამშენები.

ტაივანის ვიცეპრეზიდენტი ნიუ-იორკში 12 აგვისტოს ჩავიდა. ამერიკის შეერთებული შტატებიდან ოფიციალური ტაიპეის წარმომადგენელი პარაგვაიში გაემგზავრა, სადაც 15 აგვისტოს პრეზიდენტ სანტიაგო პენას ინაუგურაციას დაესწრო. პარაგვაი ერთადერთი სახელმწიფოა სამხრეთ ამერიკაში, რომელსაც ტაივანთან დიპლომატიური ურთიერთობა აქვს.

13 აგვისტოს ლაის ამერიკაში ვიზიტი დაგმო ჩინეთმა და მას სეპარატისტი და "პრობლემების შემქმნელი" უწოდა.

14 აგვისტოს ტაივანის ვიცეპრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა პეკინის პასუხად თქვა, რომ ქვეყანა ჩინური მუქარის წინაშე "უკან არასდროს დაიხევს".


ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.

კომენტარები