ქართული ოცნება

ოდიშარია კობახიძეზე: გულწრფელი ადამიანია – მის სინანულში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს

ბექა ოდიშარია

ქართული ოცნების წევრი ბექა ოდიშარია ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე მაღალი რანგის პოლიტიკოსი და ამასთან ძალიან გულწრფელი ადამიანია, შესაბამისად მის სინანულში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს. 

როგორც უმრავლესობის წევრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მაშინ როცა ოპოზიცია და ოპოზიციური მედია საშუალებები მტრულად არიან განწყობილი და "ხელში გაჩეჩებენ რაღაც სურათს, შეიძლება მოხდეს და ადამიანმა დაუშვა შეცდომა".

"ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი, როგორც ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკოსი, ისე ძალიან გულწრფელი ადამიანი. შესაბამისად, მის ამ სინანულში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს და მითუმეტეს, მე არ მეპარება, რადგან ძალიან კარგად ვიცნობ ამ ადამიანს. მაშინ, როცა მტრულად არის განწყობილი ოპოზიცია, მტრულად არიან განწყობილი ოპოზიციური მედიები... ამ ფონზე, როდესაც ხელში გაჩეჩებენ რაღაც სურათს შეიძლება მოხდეს და ადამიანმა დაუშვა შეცდომა, რაზეც ვფიქრობ, კობახიძემ ვაჟკაცურად და ღირსეულად ისაუბრა. სიტყვა სინანული არის ძალიან მაღალი ღირსების აღმნიშვნელი და კარგი იქნებოდა, თუ ოპოზიციური პარტიის ზოგიერთი ლიდერი მისგან გადაიღებდნენ".- თქვა ოდიშარიამ. 

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში, სტიქიის დროს გადარჩენილი ერთ-ერთი მოქალაქის, დავით ჯელაძის მიერ მიერ გავრცელებულ პოსტზე თქვა, რომ ფოტოს დეტალები გასარკვევი და გადასამოწმებელია. კობახიძის მტკიცებით, იმ ადგილას, ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ასევე, კობახიძის თქმით, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს 3 საათი ებრძოდა. როგორც მან ბრიფინგზე საუბრისას აღნიშნა, ეს წარმოუდგენელი ტყუილია.

რამდენიმე დღის შემდეგ კობახიძემ მედიასთან კომენტარში აღნიშნა, რომ ის სტიქიის ზონაში გადარჩენილ ჯელაძეს ესაუბრა  და დავითი "გულიანი ვაჟკაცი და რაჭველი კაცია". მისი განმარტებით, ბრიფინგზე უბრალოდ კითხვა დასვა, თუ ვის მიერ იყო ფოტო გადაღებული და იყო თუ არა რეალური. კობახიძემ ასევე თქვა, რომ ის ჯელაძეს ტელეფონით უკვე ესაუბრა და  მისი ისტორია დეტალურად მოისმინა. ბოლოს კი დასძინა, რომ სინანულს გამოხატავს თუკი ჯელაძეს გული ატკინა. 

 

კომენტარები