სტიქია რაჭაში

მარი ჯელაძე: გრცხვენოდეს, უნამუსო კობახიძე, 16 ადამიანი ტალახში ვიხრჩობოდით 4 საათი

"მართლაც სასწაულად გადარჩენილი ადამიანები გაგვანადგურა მისმა განცხადებამ. გრცხვენოდეს, უნამუსო კობახიძე" - რაჭის სტიქიას გადარჩენილი მარი ჯელაძე ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებებს Facebook-ზე ეხმაურება. 

"16 ადამიანი ვითხოვდით შველას, ტალახში ვიხრჩობოდით 4 საათი. ღმერთმა სასწაული მოახდინა და გადავრჩით. მადლობა უფალს, მადლობა ჩემს რაჭველ ბიჭებს - ჩვენამდე მოაღწიეს და გაგვიყვანეს იმ ჯოჯოხეთიდან, როგორ არ გრცხვენია ირაკლი კობახიძე, მსგავს განცხადებას რომ აკეთებ. საერთოდ გაჩუმდი და ხმას ნუ იღებ.

4 საათი ტალახში ჩაფლული ვითხოვდით შველას, ჩემმა ძმამ რამხელა გზა გაიარა მაშოსთან ერთად, რომ ნაპირზე გადასულიყვნენ. მერე ჩემი ძმა ისევ უკან დაბრუნდა ჩვენს საშველად, ისევ რამხელა გზა გამოიარა, ჩვენთან რომ მოსულიყო. როგორ არ გრცხვენია, ასეთ განცხადებას რომ აკეთებ" - წერს მარი ჯელაძე.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შოვში, სტიქიის დროს გადარჩენილი ერთ-ერთი მოქალაქის, დავით ჯელაძის მიერ მიერ გავრცელებულ პოსტზე თქვა, რომ ფოტოს დეტალები გასარკვევი და გადასამოწმებელია. კობახიძის მტკიცებით, იმ ადგილას, ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ასევე, კობახიძის თქმით, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ბავშვი ღვარცოფს 3 საათი ებრძოდა. კობახიძე ამბობს, რომ ეს წარმოუდგენელი ტყუილია.

სტიქიის პირველ წუთებში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ბავშვი ღვარცოფს ებრძვის. შოვში გადარჩენილები ამბობდნენ, რომ ისინი ადგილობრივების დახმარებით ბავშვის გადარჩენას თითქმის 3 საათის განმავლობაში ცდილობდნენ. მოგვიანებით, ერთერთმა გადარჩენილმა დავით ჯელაძემ სოციალურ ქსელში თავისი დისშვილის, ანასტასიას ფოტო გაავრცელა და დაწერა, რომ ბავშვი სტიქიას 4 საათის განმავლობაში მარტო ებრძოდა. ასევე, ჯელაძემ დადო სტიქიის ზონის ფოტო და დაწერა, რომ მან და მისმა დისშვილმა, მაშომ გზა ერთი ნაპირიდან მეორემდე ერთად გაიარეს.

კომენტარები