აფხაზეთის ომი

ღარიბაშვილი აფხაზეთის ომზე: ორივე მხრიდან დაპირისპირებამ მრავალი ჩვენი მოქალაქე შეიწირა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზეთის ომის დაწყების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ორივე მხრიდან "გაუმართლებელმა დაპირისპირებამ" მრავალი ჩვენი მოქალაქე შეიწირა. 

"31 წელი შესრულდა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენის - აფხაზეთის ომის დაწყებიდან.

გაუმართლებელმა დაპირისპირებამ ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი მოქალაქის - ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა.

მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს თითოეული მათგანის ნათელ ხსოვნას.

ტერიტორიული კონფლიქტები და მათი შედეგები - ჩვენი ძირძველი მიწების დროებითი ოკუპაცია, ასეულობით ათასი ადამიანის დევნილობა საკუთარ სამშობლოში, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობა - კვლავ რჩება ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად, რომელზე პასუხიც მხოლოდ მშვიდობის განუხრელი დაცვით, ნდობის აღდგენით, ქვეყნის საერთო და საყოველთაო განვითარებითაა შესაძლებელი.

აფხაზებთან და ოსებთან ერთად მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული სახელმწიფოს შენება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენთვის, ყველასთვის, და ამდენად, ეს ყოველი ჩვენგანის საერთო საქმეა. ღრმად მწამს, რომ გონივრული, ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ვახორციელებთ, თანამიმდევრულად გვაახლოებს ამ მიზანთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი". - წერია განცხადებაში.

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა.

საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, საქართველოს შეიარაღებული ძალები ტერიტორიაზე რკინიგზის დაცვის მიზნით შევიდნენ.

პირველი გასროლა ოჩამჩირეში, სოფელ ოხურეისთან მოხდა. პირველ ოქტომბერს რუსეთის არმიის დახმარებით აფხაზმა სეპარატისტებმა გაგრას შეუტიეს და ქალაქი აიღეს. გაგრაში მოწყობილ ეთნიკურ წმენდას ასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1993 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში რუსეთის შუამავლობით რამდენიმე სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო. რუსეთმა ყველა შეთანხმება დაარღვია.

1993 წლის სექტემბერში აფხაზეთისთვის გადამწყვეტი ბრძოლა სოხუმთან გაიმართა. ალყაშემორტყმულ ქალაქს ინტენსიურად ბომბავდა რუსული არტილერია და ავიაცია.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

რუსული გენოციდის ხელწერის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ტაბულას სტატიას:

დაზარალებულთა ტრაგედიის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიები:

აფხაზეთში ჩადენილი ომის დანაშაულის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატია: 

კომენტარები