აფხაზეთის ომი

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წელი გავიდა.

საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, საქართველოს შეიარაღებული ძალები ტერიტორიაზე რკინიგზის დაცვის მიზნით შევიდნენ.

პირველი გასროლა ოჩამჩირეში, სოფელ ოხურეისთან მოხდა. პირველ ოქტომბერს რუსეთის არმიის დახმარებით აფხაზმა სეპარატისტებმა გაგრას შეუტიეს და ქალაქი აიღეს. გაგრაში მოწყობილ ეთნიკურ წმენდას ასობით ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

საომარი მოქმედებები აფხაზეთში 1993 წლის შემოდგომამდე გაგრძელდა. ამ პერიოდში რუსეთის შუამავლობით რამდენიმე სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო. რუსეთმა ყველა შეთანხმება დაარღვია.

1993 წლის სექტემბერში აფხაზეთისთვის გადამწყვეტი ბრძოლა სოხუმთან გაიმართა. ალყაშემორტყმულ ქალაქს ინტენსიურად ბომბავდა რუსული არტილერია და ავიაცია.

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

1992-1993 წლის აფხაზეთის ომის გამო დაახლოებით 200-250 ათასამდე ქართველი საკუთარ სამშობლოში ლტოლვილად იქცა.

არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, თუ რამდენი ქალი და ბავშვი დაიხოცა აფხაზეთის ომში, საქართველოს პროკურატურის არგასაჯაროებული ანგარიშის მიხედვით, ომს 5 738 ქართველი შეეწირა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ გასაჯაროებულ არასრული სიების თანახმად, 3 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, აქედან 800-მდე ქალი და 50-ზე მეტი ბავშვი. უგზოუკვლოდ დაკარგულად 300-მდე ადამიანი ითვლება, მათგან 20-ზე მეტი - ქალი და 10-ზე მეტი - ბავშვია.

ტაბულამ, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებამ, ევროპულმა საქართველომ, აფხაზთა კრებამ და თავისუფლების ინსტიტუტმა აფხაზეთში ქართველთა გენოციდის აღიარების კამპანია 2022 წლის მაისში დაიწყეს, როდესაც კლუბ ხიდზე ინტერაქციული მუზეუმი "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" გაიხსნა.

კამპანიის მიზანი ქვეყნის შიგნით, ჩვენს საზოგადოებაში და ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო საზოგადოებაში რუსეთის მიერ აფაზეთში ქართველების წინააღმდეგ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გენოციდად აღიარებაა.

კომენტარები