სტიქია რაჭაში

მღებრიშვილი: სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია

შსს

 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის თქმით, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია.

"საძიებო სამუშაოების მიზნით, სტიქიის ეპიცენტრში უკვე მიწის მასის 60% გადამოწმებულია. კალაპოტებში 54 კმ-ის მონაკვეთი, რომელიც არის ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, 18 ლოკაციაზე მიმდინარეობს კონკრეტული წერტილოვანი გადამოწმებები. " - თქვა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, გარდაცვლილების სტატისტიკა არ შეცვლილა - ნაპოვნია 24 ცხედარი და კიდევ ეძებენ 9 ადამიანს. აღმოჩენილია 4 ფრაგმენტი, კიდურის ნაწილები.

ამასთან, 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რაჭაში, შოვში სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიებების არეალი გაფართოვდა. სამინისტროს განმარტებით, დამეწყრილი ტერიტორიის პარალელურად, ძებნის ღონისძიებები მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში მიმდინარეობს.

"ძებნის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ეროვნული გვარდიის სამხედროებისგან, რეზერვისტებისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებისგან შემდგარი 18 ჯგუფი შოვიდან 54 კილომეტრის მანძილზეა გადანაწილებული. თითო ჯგუფი ოთხკაციანი შემადგენლობით სამ კილომეტრიან დისტანციაზე ახორციელებს მდინარეების კალაპოტების მონიტორინგსა და ძებნის ოპერაციებს.

სტიქიის ადგილზე კი, ძებნის სამუშაოებს მე-3 ქვეითი ბრიგადისა და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის პირადი შემადგენლობა ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით ახორციელებს". - წერია განცხადებაში. 


რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

კომენტარები