სტიქია რაჭაში

მღებრიშვილი შოვზე: იმაზე მეტი ძალებია მობილიზებული, ვიდრე, შეიძლება, გონივრული იყოს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიის დროს, შესაბამისი უწყებების მუშაობა მიმოიხილა. მღებრიშვილის თქმით, სტიქიის ზონაში იმაზე მეტი ძალებია მობილიზებული, ვიდრე, შეიძლება, რომ გონივრული იყოს.

"ჩვენ არაფერი დაგვიკლია. ამის ქრონოლოგიურად ახსნაც შემიძლია. პირველი: 3 ვერტმფრენი იყო მობილიზებული, რომლებიც დაუყონებლივ მზად იყვნენ გამოსაფრენად. 1 ქუთაისიდან, 2 კი თბილისიდან. მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქუთაისიდან ვერტმფრენი ვერ აფრინდა. პარალელურად, ვერტმფრენების საშუალებით თბილისიდან ჩამოსვლა მოვასწარით. პირველი ვერტმფრენი რომ ჩამოვიდა, 2 ტონა სპეციალური აღჭურვილობა ჩამოვიტანეთ, რომელიც მსგავსი ინციდენტების შემთხვევაში აუცილებელია.

ასევე თქვენ ბრძანეთ, დახმარება რატომ არ მოვითხოვეთ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ის რესურსი - ადამიანური, ცოცხალი ძალის, სპეციალური აღჭურვილობისა და ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებებისა და მისი სპეციალური ტექნიკის - იმაზე მეტი ძალებია მობილიზებული, ვიდრე, შეიძლება, გონივრული იყოს. 

ჩვენი ვერტმფრენები ღამე ვერ დაფრინავენ, მაგრამ ღამე მანდ ვერტმფრენი რაც არ უნდა აღჭურვილი ყოფილიყო - პირველ რიგში, ამის აღარაფერი აუცილებლობა არ იყო. აუცილებლობა რომც ყოფილიყო, მაღალი რისკი იყო. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ალბათ, მაინც გავრისკავდით და ვიმოქმედებდით. რაც შეეხება, თუ რატომ არ გავრისკეთ და რატომ არ იყო საჭირო. ადგილზე ჩვენ მობილიზებული გვქონდა შესაბამისი სითბური დრონები, რომლებიც ძალიან მარტივად აფიქსირებდნენ იმ არეალს, რაც დატბორილი იყო. ასევე, ტყის მასივში შესული იყო ცოცხალი ძალა". - თქვა მღებრიშვილმა.

რაჭაში, შოვში, ამ დროისთვის 21 პირის ცხედარია ნაპოვნი, მათგან 19 იდენტიფიცირებულია. სტიქიის ზონაში 12-მდე ადამიანს ეძებენ.

რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

კომენტარები