სტიქია რაჭაში

ზურაბიშვილი: ტრაგედიის წინაშე გაერთიანება ვიცით და დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ესაა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. ზურაბიშვილმა დაღუპულთა ოჯახების მიმართ სამძიმარი გამოხატა და მაშველებსა და ყველა იმ მოქალაქეს, ვინც სტიქიის ზონაში ადამიანების გადასარჩენად ყველაფერს აკეთებს, მადლობა გადაუხადა.

"მინდა, ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო იმ ტრაგედიის მიმართ, რაც დატრიალდა. მინდა, დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო და იმ ოჯახებთან ერთად ვილოცო, რომლებიც ჯერ კიდევ ელოდებიან, რომ დაკარგული ადამიანები ცოცხლები აღმოჩნდნენ. ეს მთელი საქართველოსთვის დიდი ტრაგედიაა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქე იზიარებს. ჩვენ ტრაგედიის წინაშე გაერთიანება ვიცით და დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის, რომ ჩვენ გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ყველა ჩვენი შესაძლებლობებით დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რათა მათი ცხოვრების ეს გაუსაძლისი პერიოდი გადალახონ. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ მაშველსა და მოქალაქეს, რომლებმაც სტიქიის ადგილზე რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ადამიანები გადარჩენილიყვნენ". - ამბობს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი ამბობს, რომ დღეს ერთიანობისა და ამ ტრაგედიის ერთად გადალახვის დროა. ზურაბიშვილი მზადაა, რომ მის ადმინისტრაციასთან ერთად ყველაფერში ჩაერთოს, სადაც მათი დახმარება საჭირო იქნება.

"პირადად მე და ჩემი ადმინისტრაცია სოლიდარობას ვუცხადებთ ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ხელისუფლებას, მთავრობას, ყველა უწყებას, რომელიც იქ არის ჩართული. დღეს ერთიანობისა და ამ ტრაგედიის ერთად გადალახვის დროა. მეც და ჩემი ადმინისტრაციაც ყველაფერში ჩავერთვებით, სადაც ჩვენი აქტიურობა საჭირო იქნება. მომდევნო დღეებში ჩვენ თვითონაც ვნახავთ, რა კუთხით შეიძლება, რომ ამ ტრაგედიის გადალახვაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. 

მინდა, მაშველებს დიდი მადლობა გადავუხადო. მათი როლი არ დასრულებულა. ასეთ პირობებში მათი მუშაობა ძალიან რთულია და ვიცით, მათ რამდენად შეუძლიათ, ამ ურთულეს პირობებში ყველაფერი გააკეთონ, რათა ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინონ. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა პარტნიორ ქვეყანას, რომელმაც დღეს უკვე გამოუცხადა სოლიდარობა ჩვენს საზოგადოებას. მოვუსმინე პრემიერმინისტრს, რომელმაც თქვა, რომ ჯერ არ ვთვლით, რაიმე დახმარება იყოს საჭირო სხვა პარტნიორი ქვეყნებისგანო. მაგრამ, თუ ეს საჭირო გახდა, მზად ვარ, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან დაკავშირებაში მონაწილეობა მივიღო. ამ ძალიან დიდი ტრაგედიის წინაშე ჩვენ ერთად ვართ და ერთად ვიქნებით". - თქვა ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.

ამ დროისთვის, რაჭაში, სტიქიის ზონაში 7 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, 30-ზე მეტ პირს კი ეძებენ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამ დროისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომელიც უსაფრთხო ადგილას მაშველებთან ერთად იმყოფებოდა. 

სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება - დაკარგულ მოქალაქეებს, მაშველებთან ერთად, ეძებენ მოხალისეები, ასევე, მათი ახლობლები და ნათესავები.  

შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

კომენტარები