სტიქია რაჭაში

პრემიერი მედიას: ატყუებთ ხალხს, ძაბავთ – ვითომ წელი გავიდა და ვერტმფრენები არ შევიძინეთ

საქართველოს პრემიერმინსიტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მედია იტყუება და ხალხს არასწორ ინფორმაციას აწვდის, როცა ამბობს, რომ ერთ წელი გავიდა და მთავრობას ვერტმფრენები არ შეუძენია. 

"არ მინდოდა ამ საკითხებზე საუბარი დღეს. მე, რა თქმა უნდა, არ გავაკეთებ კომენტარს ხელმოცარულ პოლიტიკოსებზე, ოპოზიციაზე.

თქვენ, თქვენი ტელევიზია და სხვა ტელევიზიები, მთელი დღის განმავლობაში როცა გვყავს გარდაცვლილი მოქალაქეები,  ტრაგედიაა, როცა ოჯახის წევრები ჯერ კიდევ ვერ პოულობენ ოჯახის წევრებს, ამორალურ ქმედებას ეწევით. ატყუებთ ხალხს და აწვდით ინფორმაციას, რომ მთავრობამ გადაწყვიტა ვერტმფრენების შეძენა, გავიდა ერთი წელი და ვითომ ჩვენ არ შევიძინეთ, ასეთ არასერიოზულ ტყუილებზე მე გთხოვთ, რომ ასეთ დროს შეიკავოთ თავი. 

თქვე სერიოზული პრობლემა გაქვთ ინფორმაციის გაგების, თქვენ 24 საათი ერთადერთ დავალებას ასრულებთ - ხალხის შეცდომაში შეყვანის , დაზაფრვის... ათმაგად ძაბავთ ხალხს".- თქვა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, სტიქიის ზონაში ჩავიდა. მან ონის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბში თათბირი გამართა. 

ცოტახნის წინ  სტიქიის ზონაში კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ოფიციალური მონაცემებით, შოვში ამ ეტაპზე ექვსი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, ბოლოს განახლებული მონაცემებით, რაჭაში, სტიქიის ზონაში, ამ დროისთვის დაკავშირება 35 ადამიანთან ვერ ხერხდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, უსაფრთხო ადგილას 140 ადამიანია გადაყვანილი. გუშინ, 3 აგვისტოს მაშველებმა სტიქიის ზონიდან 70-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა შეძლეს, დღეს - 80-ზე მეტის.  

სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება - დაკარგულ მოქალაქეებს, მაშველებთან ერთად, ეძებენ მოხალისეები, ასევე, მათი ახლობლები და ნათესავები. 

შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებრად მეწყერის შედეგად მიწის მასა, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა. ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგო ხიდეშელის თქმით, შოვში მიწისა და წყლის ძალიან დიდი მასა ჩამოიშალა. ხიდიშელი ამბობს, რომ მეწყერმა ის ხიდი წაიღო, რითიც მოქალაქეები ამ ტერიტორიაზე გადადიოდნენ.  

 

კომენტარები