სტიქია რაჭაში

იოსელიანი შოვის სტიქიაზე: ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობა კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გახდა

სახალხო დამცველის აპარატი

რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიას საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი გამოეხმაურა. ომბუდსმენის თქმით, მსგავს კრიზისულ ვითარებასთან გასამკლავებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობა კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გახდა.

"საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მწუხარებას გამოთქვამს 3 აგვისტოს რაჭაში სტიქიური უბედურების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს. სახალხო დამცველი მადლობას უხდის სამაშველო ოპერაციაში ჩართულ თითოეულ ადამიანს გაწეული ძალისხმევისა და თავდადებისთვის და იმედოვნებს, რომ ძალისხმევის შედეგად, ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დრომდე დაკარგულია, ჯანმრთელი დაუბრუნდება თავის ოჯახს. სამწუხაროდ, მსგავს კრიზისულ ვითარებასთან გასამკლავებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის ნაკლებობა კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვასთან". - წერია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ლევან იოსელიანი საკუთარი მანდატის ფარგლებში შეისწავლის მომხდარსა და მოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ამ დროისთვის, რაჭაში, სტიქიის ზონაში 6 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამ დროისთვის დაკავშირება 35 ადამიანთან ვერ ხერხდება.  მისივე სიტყვებით, ამ დროისთვის გამოყვანილია ყველა ადამიანი, რომელიც უსაფრთხო ადგილას მაშველებთან ერთად იმყოფებოდა.  

სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება - დაკარგულ მოქალაქეებს, მაშველებთან ერთად, ეძებენ მოხალისეები, ასევე, მათი ახლობლები და ნათესავები.  

შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

კომენტარები