სტიქია რაჭაში

"კიდევ 6 ადამიანი, ვისაც ვერ ვუკავშირდებოდით, უკვე კავშირზეა" – ქარსელაძე

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონიდან კიდევ 6 ადამიანი გამოვიდა კავშირზე, რომლებთანაც აქამდე კონტაქტი ვერ ხერხდებოდა. 

"არიან ადამიანები, რომლებსაც ვერ ვუკავშირდებით. ასეთი, დაახლოებით, 50 პირი იყო, თუმცა, უახლესი ინფორმაცია არის ის, რომ 6 ადამიანი, ვისაც ვერ ვუკავშირდებოდით, უკვე კავშირზეა და ისინი უსაფრთხოდ არიან". - თქვა ქარსელაძემ

ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ამ დროისთვის, 70-მდე მოქალაქე სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია - 152 ადამიანი კი მაშველებთან ერთად უსაფრთხო ადგილას იმყოფება. ადგილიდან მათი ევაკუაცია 4 აგვისტოს ვერტმფრენებით მოხდება.

რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ვერტმფრენმა სამუშაოები დილამდე შეაჩერა. ვერტმფრენები სამუშაოებს დილიდანვე განაახლებენ. იქამდე კი, სტიქიის ზონაში ცოცხალი ძალა რჩება. მაშველები მუშაობას მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ.

ბოლო მონაცემებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, 2 პირის ცხედარი იპოვეს.

ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგო ხიდეშელის თქმით, შოვში მიწისა და წყლის ძალიან დიდი მასა ჩამოიშალა. ხიდიშელი ამბობს, რომ მეწყერმა ის ხიდი წაიღო, რითიც მოქალაქეები ამ ტერიტორიაზე გადადიოდნენ.

შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებრად მეწყერის შედეგად მიწის მასა, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.

კომენტარები