სტიქია რაჭაში

"სტიქიის ზონაში 50 ადამიანია, რომლებთანაც კავშირი ვერ ხერხდება" – ქარსელაძე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით, ამ დროისთვის შოვში, სტიქიის ზონაში 50 ადამიანთან კავშირი ვერ ხერხდება.

"ამ მომენტისთვის, 70-მდე მოქალაქე სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია. 152 ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა, რომლებიც უკვე უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან. ისინი მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, ყველა აუცილებელი საჭიროებით უზრუნველყოფილი არიან [...] 50 ადამიანია, რომლებთანაც კავშირი ვერ ხერხდება. სამუშაოები ამჟამადაც გრძელდება. ამ დროისთვის, 150 მაშველი უშუალოდ სტიქიის ზონაში იმყოფება და ამ ადამიანების პოვნას ცდილობს". - თქვა ქარსელაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ვერტმფრენმა სამუშაოები დილამდე შეაჩერა. ვერტმფრენი სამუშაოებს დილიდანვე განაახლებს. იქამდე კი, სტიქიის ზონაში ცოცხალი ძალა რჩება. მაშველები მუშაობას მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ.

ბოლო მონაცემებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, 2 პირის ცხედარი იპოვეს.

ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგო ხიდეშელის თქმით, შოვში მიწისა და წყლის ძალიან დიდი მასა ჩამოიშალა. ხიდიშელი ამბობს, რომ მეწყერმა ის ხიდი წაიღო, რითიც მოქალაქეები ამ ტერიტორიაზე გადადიოდნენ.

შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებრად მეწყერის შედეგად მიწის მასა, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.

კომენტარები