სტიქია რაჭაში

შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ვერტმფრენმა მუშაობა დილამდე შეაჩერა

რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო ვერტმფრენმა სამუშაოები დილამდე შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. 

ვერტმფრენი სამუშაოებს დილიდანვე განაახლებს. იქამდე კი, უწყების ცნობით, სტიქიის ზონაში ცოცხალი ძალა რჩება. მაშველები მუშაობას მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ.

სავარაუდოდ, ვერტმფრენის მუშაობის შეჩერების მიზეზი დაღამებაა.

ბოლო მონაცემებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, 2 პირის ცხედარი იპოვეს. ამასთან, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგო ხიდეშელის თქმით, შოვში მიწისა და წყლის ძალიან დიდი მასა ჩამოიშალა. ხიდიშელი ამბობს, რომ მეწყერმა ის ხიდი წაიღო, რითიც მოქალაქეები ამ ტერიტორიაზე გადადიოდნენ.

შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებრად მეწყერის შედეგად მიწის მასა, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.

კომენტარები