შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

მე-2 დღეა შიმშილობს დედა, რომლის შვილსაც NAEC-მა გამოცდის აღდგენაზე უარი უთხრა

მე-2 დღეა შიმშილობს დედა, რომლის შვილსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC) გამოცდის დამატებითი სესიის ჩანიშვნაზე უარი უთხრა.   

ინგა ბაშაროვის თქმით, იშიმშილებს მანამ, სანამ ცენტრის დირექტორი თანამდებობას არ დატოვებს. 

"დავიწყე შიმშილობა იმის გამო, რომ ჩემ შვილს შეუზღუდეს კონსტიტუციური უფლება, იმკურნალოს ისე, როგორც მას იმ მომენტში სჭირდებოდა, გარდა ამისა, მე გამიჩნდა განცდა, რომ, მათ შორის, სასამართლოც არ იცავს ამ ქვეყანაში ჩემს უფლებებს. მე ვიდგები იქამდე, სანამ, მინიმუმ, მთელი საზოგადოება არ გაიგებს, რომ ეს უწყება არის თაღლითური - ეს არის თაღლითური სქემა, რომელიც მე არ მაძლევს საშუალებას, ვიჩივლო. ყველა იურისტი ამ კონკრეტული იურისტების გარდა გვეუბნებოდა, რომ დავლოდებოდით პასუხს. ომბუდსმენის აპარატიც ამბობდა, ჯერ გვჭირდება პასუხი და მერე დავიწყებთ ჩივილსო. რად მინდა მე ჩივილი? ადამიანს სჭირდება სტუდენტობა, განათლების მიღების უფლება". - ამბობს მშობელი მთავარ არხთან ინტერვიუში. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC) სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი თქვა. საქმე ეხება აბიტურიენტს, რომელიც ისტორიის გამოცდაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ გამოცხადდა. 

PHR-ის (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 ივლისს NAEC-ს დაავალა აბიტურიენტი ისტორიის დამატებით გამოცდაზე დაეშვა. თუმცაღა გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უარს განაცხადა და თქვა, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს უკვე ჩატარდა. PHR-ის განმარტებით, 25 ივლისს ჩატარდა გეგმიური დამატებითი გამოცდა. სასამართლო განჩინების შესაბამისად კი ცენტრმა, მათი განსაზღვრული გრაფიკის მიუხედავად, კიდევ უნდა ჩაატაროს დამატებითი სესია. 

კომენტარები