შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი

გორგოძე: თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებას NAEC-ის საქმიანობასთან კავშირი არ აქვს

სოფიო გორგოძე 
გამოცდების ეროვნული ცენტრი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი [NAEC] სოფიო გორგოძის განცხადებას ავრცელებს, სადაც ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებაზე წერს და ხაზს უსვამს, რომ გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღო, რასაც "არავითარი კავშირი არ აქვს ცენტრის საქმიანობასთან".

"შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩემი მუშაობიდან უკვე 5 წელი გავიდა. ეს გახლდათ არაჩვეულებრივი გამოცდილება და ძალიან საინტერესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ამ ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება, რომ 1 იანვრიდან, პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობა.

აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მქონდა მიღებული და მას არავითარი კავშირი არ აქვს ცენტრის საქმიანობასთან.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ცენტრის თითოეულ თანამშრომელს ნაყოფიერი და წარმატებული მუშაობისთვის, მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებს კი მხარდაჭერისთვის და ჩემს საქმიანობაში მაქსიმალური ხელშეწყობისთვის.

ყოველთვის ვიქნები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დიდი გულშემატკივარი. მცირე შესვენების შემდეგ კვლავ გავაგრძელებ აქტიურ საქმიანობას განათლების სფეროში". - წერია განცხადებაში.

6 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე თანამდებობას ტოვებს - ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას განათლების სამინისტროში დაუდასტურეს, სადაც ასევე გვითხრეს, რომ გორგოძემ გადაწყვეტილება პირადი მიზეზებით ახსნა.

კომენტარები