ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

კირთაძე ჭიაბერაშვილზე: ეს მაგალითი აჩვენებს ჩრდილოვანი მმართველობის მთელ სიმახინჯეს

ევროპული საქართველოს წევრი თენგო კირთაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო ურთიერთობების მდივნის თანამდებობაზე ზურაბ ჭიაბერაშვილის დანიშვნას გამოეხმაურა. 

კირთაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება ნათელს ხდის, რომ ჭიაბერაშვილი ენმ-ის დონორის, დავით კეზერაშვილისა და მისი გარემოცვის დაკვეთით მოქმედებს. 

"ყველამ ვიცით რა დაასახელა ბატონმა ზურამ პოლიტიკიდან წასვლისა და გიგა ბოკერიასთან დაპირისპირების მიზეზად. კერძოდ, თითქოს ახალგაზრდებისთვის სურდათ პოლტიკური ასპარეზის დათმობა. მისი მაშინდელი და დღევანდელი გადაწყვეტილება ნათლად ცხადყოფს რომ დონორის, ბატონი კეზერაშვილისა და მისი გარემოცვის დაკვეთით მოქმედებდა. ეს მაგალითი აჩვენებს ჩრდილოვანი მმართველობის მთელ სიმახინჯეს და არ უწყობს ხელს საქართველოში პოლიტიკური კულტურისა და ტრადიციის ჩამოყალიბებას. შესაბამისად, ამ ქვეყნისთვის კარგი არაფერი მოაქვს და სწორედ ამიტომაა ევროპული საქართველოსთვის ეს პროცესი მიუღებელი". – ამბობს კირთაძე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი იქნება. ინფორმაცია, რომ შეთავაზებას დათანხმდა, ჭიაბერაშვილმა თავად გაავრცელა.

2022 წლის ნოემბერში, როდესაც ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობდა, ჭიაბერაშვილმა თქვა, რომ საკუთარი კანდიდატურის დაყენებას ფიქრობდა. კანდიდატები იმ დროისთის ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე იყვნენ – ჭიაბერაშვილი ამბობდა, რომ მათში "მაკონსოლიდირებელ ეფექტს" ვერ ხედავდა.   

"შევწყვიტე ფიქრი. დაწყნარდით. არავის სკამს საფრთხე არ ემუქრება". – თქვა 2 დღეში ჭიაბერაშვილმა.  

2017-2022 წლებში ზურაბ ჭიაბერაშვილი ევროპული საქართველოს წევრი იყო. პარტიის დატოვება მან "გვერდზე გაწევით ახალგაზრდებისთვის გზის დათმობის" აუცილებლობით ახსნა. 

ჭიაბერაშვილი: აუცილებლობად მიმაჩნია, გვერდზე გაწევით გზა დავუთმოთ მომავალ თაობას

კომენტარები