ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია: ჭიაბერაშვილიც ერთ წრეზე ტრიალია, სკამების გარშემო რომ დარბიან და მუსიკაა

Nika Melia / ნიკა მელია / Facebook

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიაში მიმდინარე მოვლენებსა და ზურაბ ჭიაფბერაშვილის საერთაშორისო ურთიერთობების მდივნად დანიშვნას ეხმაურება. მელია ენმ-ში მიმდინარე პროცესებს ერთ წრეზე ტრიალს უწოდებს.

"იგივეს კეთებით და იგივე წრეზე სიარულით განსხვავებულ შედეგს ვერ მიიღებ, ეს უნდა გავიაზროთ პირველ რიგში. ყველა ის შეცდომა უნდა გავიაზროთ რომელიც დაგვიშვია, თუნდაც ერთობის სახელით მანკიერებების დაფარვისა და შეგუების. საზოგადოების აზრი და ინტერესი უნდა ავსახოთ სწორად პოლიტიკაში, სიტყვას ფასი დავუბრუნოთ და ნდობა აღვადგინოთ... სანამ საზოგადოებას არ ეცოდინება რომ, რასაც ვამბობთ იმას ვგულისხმობთ, იმაზე ვაგებთ პასუხს და იმას განვახორციელებთ, ცვლილება არ მოვა.

ზურაბ ჭიაბერაშვილიც ერთ წრეზე ტრიალია, ანუ რა ხდება უბრალოდ სკამების გარშემო რომ დარბიან და მუსიკა, სადაც გაითიშება იქ რომ სხდებიან, ეგ ხდება, ოღონდ პოლიტიკაში. დღეს რაც ხდება ნაციონალურ მოძრაობაში, მხოლოდ იმას აჩვენებს რომ პრინციპულობას არ ჰქონია მნიშვნელობა, ზურა მელიქიშვილი უნდა იყოს გარეთ და ზურა ჭიაბერაშვილი შიგნით (აქ სახელები პირობითია და მოვლენების საილუსტრაციოდ არის მოყვანილი, კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება), რა მნიშვნელობა აქვს მანამდე რა ხდებოდა... ხოდა მანდ იკარგება სიტყვისა და პრინციპის ფასი, როდის მატყუებდი მაშინ თუ ახლა". – წერს მელია.

ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების, ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის პოლიტიკაში ყოფნა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დარჩენის გარანტია.

"სანამ არ გაიაზრებ, რატომ წააგე 2012 წელს და რა უნდა შეცვალო, ვერ მოიგებ. მერაბიშვილის და კეზერაშვილის ოპოზიციაში, პოლიტიკაში არსებობა არის გარანტი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის. ივანიშვილის მმართველობის მე-11 წელსაც კი, ისინი უფრო მიუღებლები არიან საზოგადოებისთვის, ვიდრე რუსული პოლიტიკის გამტარებელი ოცნების ხელისუფლება...

პრობლემის მოგვარება, იწყება მისი აღიარებით და არა დამალვით. ის, რომ ოცნება ცუდია, რუსეთი ცუდია ხალხმა გაიგო და იცის. რეალური ალტერნატივის შექმნა არის საჭირო, ევროპაზე არა ლაპარაკი არამედ ჩვენება, აქედანვე რომ ხარ ევროპული მოწყობის, დემოკრატიული ღირებულებების. მორალური უპირატესობა უნდა შეიძინო ოცნებაზე სიმართლით... არჩევანი უნდა მისცე არა ცუდსა და უარესს შორის, არამედ ცუდსა და კარგ შორის. ნებისმიერი ცვლილება ხდება საარჩევნო მხარდაჭერის არსებობით პირველ რიგში, ავტორიტარულ რეჟიმში კი ცვლილება შესაძლებელია არა 2 და 3 %იანი არამედ მხოლოდ დიდი ელექტორალური უპირატესობის მოპოვებით. დიდი ელქეტორალური უპირატესობა კი მხოლოდ დიდ მორალურ უპირატესობას, რეალურ სიახლეს და ცვლილებისკენ სწრაფვას მოაქვს". – წერს მელია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი იქნება. ინფორმაცია, რომ შეთავაზებას დათანხმდა, ჭიაბერაშვილმა თავად გაავრცელა.

2022 წლის ნოემბერში, როდესაც ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობდა, ჭიაბერაშვილმა თქვა, რომ საკუთარი კანდიდატურის დაყენებას ფიქრობდა. კანდიდატები იმ დროისთის ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი მუმლაძე იყვნენ – ჭიაბერაშვილი ამბობდა, რომ მათში "მაკონსოლიდირებელ ეფექტს" ვერ ხედავდა.   

"შევწყვიტე ფიქრი. დაწყნარდით. არავის სკამს საფრთხე არ ემუქრება". – თქვა 2 დღეში ჭიაბერაშვილმა.  

2017-2022 წლებში ზურაბ ჭიაბერაშვილი ევროპული საქართველოს წევრი იყო. პარტიის დატოვება მან "გვერდზე გაწევით ახალგაზრდებისთვის გზის დათმობის" აუცილებლობით ახსნა. 

ჭიაბერაშვილი: აუცილებლობად მიმაჩნია, გვერდზე გაწევით გზა დავუთმოთ მომავალ თაობას

კომენტარები