ყირიმის ხიდის აფეთქება

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ოქტომბერში ყირიმის ხიდის აფეთქებას ადასტურებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) 2022 წლის ოქტომბერში ყირიმის ხიდზე თავდასხმა დაადასტურა

"SBU-ს ოფიცრები ანადგურებდნენ მტერს ყველაზე ცხელ წერტილებში და აკეთებენ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ ჩვენი მიწა. ყირიმის ხიდის აფეთქება ჩვენი ერთ-ერთი მიღწევაა," - თქვა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვასილ მალიუკმა კიევში გამართულ ცერემონიაზე.

ამ თვის დასაწყისში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰანა მალიარი გახდა პირველი უკრაინელი ოფიციალური პირი, რომელმაც პირდაპირ აღიარა, რომ ყიმის ხიდზე თავდასხმაში უკრაინა იყო პასუხისმგებელი.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა CNN-თან აღნიშნა, რომ უკრაინა გააგრძელებს თავდასხმებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმსა და ქერჩის ხიდზე. 

ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყირიმის ხიდი უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეა და ის უნდა განეიტრალდეს.

"ყირიმის ხიდი არ არის მხოლოდ ლოჯისტიკური გზა. ეს არის გზა, რომელიც ომისთვის საბრძოლო მასალის მისაწოდებლად გამოიყენება. და ის აძლიერებს ყირიმის ნახევარკუნძულს. ეს არის მტრის ობიექტი, რომელიც საერთაშორისო სამართლის გათვალისწინების გარეშეა აშენებული, ამიტომ ლოგიკურია, რომ ეს სამხედრო მიზანია". თქვა ზელენსკიმ და დამატებით აღნიშნა, რომ ნებისმიერი სამიზნე, რომელიც ომს მოაქვს, უნდა განეიტრალდეს.


ყირიმში, ქერჩის ხიდზე აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერს, დილით მოხდა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, აფეთქდა სატვირთო, ცეცხლი კი შემდეგ მატარებელს გაუჩნდა, რომელსაც საწვავის ავზი გადაჰქონდა. პუტინმა მომხდარზე სამთავრობო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა. არსებული ინფორმაციით, აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სიტყვებით, "ყირიმის ხიდზე თავდასხმა უკრაინის სპეცსამსახურების დაგეგმილი ტერორისტული აქტია". 

ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, რუსეთმა 10 ოქტომბერს უკრაინულ ქალაქებში მდებარე ობიექტებზე, მათ შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიშები მიიტანა. ისროლეს ათეულობით რაკეტა. იერიში მიიტანეს დედაქალაქ კიევზეც. 

ქერჩის ხიდი, რომელიც  2018 წელს გაიხსნა, ყირიმს რუსეთის სატრანსპორტო ქსელთან აკავშირებს. 

 

კომენტარები