მარცვლეულის შეთანხმება

რუსეთი შავ ზღვაში კომერციული გემების დაკავებას შეეცდება – ბრიტანეთის დაზვერვა

REUTERS

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის განმარტებით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა "მარცვლეულის შეთანხმების" შეჩერების შემდეგ თავისი პოზიცია შეცვალა. 

როგორც ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული, რუსეთმა სამხედრო ხომალდი SERGEY KOTOV-ი შავი ზღვის სამხრეთ ნაწილში გაგზავნეს და იგი ბოსფორის სრუტესა და ოდესას შორის საზღვაო ხაზს პატრულირებს. ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ამის შემდეგ რუსეთი შეეცდება იმ კომერციული გემების დაკავებას, რომლებიც, მისი აზრით, უკრაინისკენ მიემართებიან.

"მარცვლეულის შეთანხმებამ" შავი ზღვის ომში ჩართვის შესაძლებლობა შეამცირა, ახლა კი ამ რეგიონში არსებობს ძალადობის ინტენსივობისა და მასშტაბის გაზრდის პოტენციალი". - წერს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, შეთანხმების დატოვების მიზეზად დაასახელა რუსეთის მიმართ აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობა. 

ამავდროულად, რუსეთის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც რუსეთისა და ოკუპირებული ყირიმის მაკავშირებელ ხიდზე აფეთქება მოხდა. 17 ივლისს ქერჩის სრუტეზე გამავალ ხიდზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთის ფედერაციას აკავშირებს, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ობიექტი დაზიანდა და გადაადგილება დროებით შეჩერდა. უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ეს უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო და იერიში საზღვაო დრონების გამოყენებით განახორციელეს. მსგავსი უპილოტო აპარატების გამოყენებაზე საუბრობდა რუსული მხარეც.

აფეთქებიდან რამდენიმე საათში, რუსეთმა დატოვა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება, რომელიც უკრაინული სავაჭრო ხომალდების გადაადგილების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. შეთანხმებას თურქეთი შუამავლობდა.

აქამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პუტინი მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებაზე თანახმა იყო. რეპორტიორებთან საუბრისას ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება, რომელიც 17 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თურქეთისა და გაეროს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად გახანგრძლივდება. 

კომენტარები