Tbilisi Pride

შსს PRIDE-ზე: მოვუწოდებთ კონტრაქციის ორგანიზატორებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს

კონსტანტინე მორგოშია
კადრი ვიდეოდან/ TV პირველი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 8 ივლისს თბილისში გასამართ პრაიდის ფესტივალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, შსს მიიღებს ყველა ზომას, რათა უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარება და მოუწოდებს კონტრაქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრების და მანიფესტაციის ფარგლებს.

"გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით
უკვე გამართულ და დაგეგმილ დახურულ ღონისძიებებსთან დაკავშირებით შინაგან
საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების
შესახებ.


შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, გაეროს, სხვა
საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის,
ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით, შეკრებების
უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
მიმდინარე წლის 2 და 6 ივლისს, მშვიდ ვითარებაში ჩატარდა 2 დახურული
ღონისძიება.


8 ივლისს კონკრეტულ ლოკაციაზე, შემოსაზღვრულ ადგილას, დაგეგმილი დახურული
ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, სამინისტროს
წარმომადგენლები კომუნიკაციაში არიან შეკრების ორგანიზატორებთან.
აღნიშნული დახურული ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით,
პოლიციის შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულნი იქნებიან ყველა საჭირო
ლოკაციაზე და კომპეტენციის ფარგლებში დაიცავენ მართლწესრიგს და
უსაფრთხოებას.


შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა
უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, აგრეთვე, თითოეული
ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რომელიც არ
გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.


გარდა ამისა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია,
რომ ადამიანების რამდენიმე ჯგუფი თბილისში, კონკრეტულ ლოკაციაზე გეგმავს
შეკრებას, ღონისძიების ადგილზე მისვლას და კონტრაქციის გამართვას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს კონტრაქციის ორგანიზატორებს და
მონაწილეებს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და
არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით
სარგებლობის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს
საკუთარი მანდატის შესაბამისად.


ასევე, მოვუწოდებთ ღონისძიების ჩატარებისა და კონტრაქციის ტერიტორიაზე
მომუშავე მედიის წარმომადგენლებს, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა
სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და
გაითვალისწინონ ადგილზე მყოფი სამართალდამცველების მითითებები". – წერია შსს-ს განცხადებაში.

 

დღეს, 7 ივლისს ძალადობრივი და პუტინისტური ალტ-ინფოს ლიდერმა, კოკა მორგოშიამ თბილისში პრაიდის ფესტივალთან დაკავშირებით მუქარის შემცველი შეტყობინება გაავრცელა.  ტელეგრამ არხზე გავრცელებულ ვიდეოში მორგოშია ამბობს, რომ 8 ივლისი 2021 წლის 5 ივლისს "დადგმულ კუბოზე" ბოლო ლურსმნის დაჭედება იქნება. 

"8 ივლისი ასევე ძალიან დიდი შინაარსის დღეა და არაფრით არ ჩამოუვარდება 5 ივლისს, პირდაპირ გეტყვით. 8 ივლისი იქნება 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება".-ამბობს მორგოშია. 

8 ივლისს Lisi Wonderland-ში Tbilisi Pride Fest 2023 გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი თანასწორობისთვის, ხილვადობისთვის, თავისუფლებისა და სიყვარულისთვის ბრძოლის ნაწილია. 

ღონისძიებაში არაერთი ჯგუფი და მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე დამსწრე სტუმრების წინაშე წარდგებიან: Bedford Falls, 4D Monster Lobsters, The Jetbird, Lua, SEQTA და სხვა არტისტები. ასევე, გაიმართება დრეგ შოუ და ფესტივალის ტერიტორიაზე სხვადასხვა აქტივობისთვის არაერთი კუთხე მოეწყობა, იქნება ვორქშოპები და გამოფენები.

Tbilisi Pride-ის კვირეულს საქართველოს საპატრიარქო გაემოეხმაურა და განაცხადა, რომ დროულია, საზოგადოებას მოუწოდონ, ამ "პრობლემის" საკანონმდებლო გზით დარეგულირებაზე იმსჯელონ. საპატრიარქო ღონისძიებებს "გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვის" მცდელობად მოიხსენიებს, განცხადების არგუმენტად კი ამ პერიოდში "მომატებული პოლარიზაცია" მოჰყავს. განცხადება გაავრცელა თბილისის სინაგოგამ და მუსლიმთა სამმართველომ

Tbilisi Pride-ის გუნდმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.

"თბილისი პრაიდის გუნდისთვის, რომელიც მიმდინარე კვირაში აორგანიზებს პრაიდის კვირეულს, უმთავრესი პრიორიტეტია კვირეულის ფარგლებში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. გუნდი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომელიც თავის მხრივ იღებს სრულ პასუხისმგებლობას კვირეულის ფარგლებში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე. ასევე, ვიღებთ ყველა საჭირო ზომას უშუალოდ ღონისძიებების ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 8 ივლისს, პრაიდის ფესტივალის დღეს, ქალაქში შესაძლოა შეიქმნას დაძაბული ან პოტენციურად სახიფათო სიტუაციები. უსაფრთხოების ექსპერტებთან კონსულტაციების საფუძველზე, გიზიარებთ ჩვენს რეკომენდაციებს:

  1. ფესტივალის დღეს, გთხოვთ, მოერიდოთ ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარე ტერიტორიებს, რომლებიც ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული შეკრების გამო, მაღალი რისკის ზონად არის მონიშნული. ამ პროცესებთან დაკავშირებულ ინფორმაციას განვაახლებთ ჩვენი სოციალური მედიის პლატფორმებზე.
  2. გირჩევთ, შეძლებისდაგვარად მოერიდოთ მარტო გადაადგილებას და იმგზავროთ ჯგუფურად. თუ არ იცნობთ ადამიანებს, ვინც თქვენთან ერთად დაესწრებიან ფესტივალს, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ. შესაძლებელია, ამ ნაწილში ფესტივალის სტუმრებს მიეცეთ დამატებითი რეკომენდაციები.
  3. სამწუხაროდ, წარსული გამოცდილებიდან ვიცით, რომ ძალადობრივი ჯგუფები ხშირად ინდივიდებზე გარეგნობის ან თვალსაჩინო მახასიათებლების საფუძველზე ირჩევენ აგრესიის ობიექტს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ღია და ამაყ თვითგამოხატვას, შესაძლოა, გონივრული იყოს ამ პოტენციური რისკის გათვალისწინება საჯარო სივრცეებში გადაადგილებისას.
  4. დატენეთ მობილური მოწყობილობები და დარწმუნდით, რომ გაქვთ საშუალება, სხვებს დაუკავშირდეთ
  5. თუ ღონისძიებების მიღმა რაიმე საეჭვოს შეამჩნევთ, ან გარკვეულ ვითარებაში თავს დაუცველად ან არაკომფორტულად იგრძნობთ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეატყობინოთ ამის შესახებ თბილისი პრაიდის გუნდს. ფესტივალის ტერიტორიაზე კი ღონისძიების პერსონალს ან/და დაცვას" - ნათქვამია განცხადებაში.

2021 წელს ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები. პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია –ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა.

 

კომენტარები