Tbilisi Pride

საპატრიარქო Pride-კვირეულზე: დროულია, ვიმსჯელოთ ამ პრობლემის კანონით დარეგულირებაზე

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო Tbilisi Pride-ის კვირეულს ეხმაურება და აცხადებს, რომ დროულია, საზოგადოებას მოუწოდონ, ამ "პრობლემის" საკანონმდებლო გზით დარეგულირებაზე იმსჯელონ. 

"მიგვაჩნია, რომ საჭიროა მსგავსი დაძაბულობის ფაქტორების საწყის ეტაპზევე მკურნალობა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკანასკნელ წლებში გამუდმებული თავდასხმის, ცილისწამებისა და შეურაცხმყოფელი კამპანიის ობიექტია, თუმცა არც ერთხელ არ ყოფილა ჩვენი მხრიდან მოთმინების დაკარგვის შემთხვევა. ასეთ დროს ეკლესია მუდამ შემოიფარგლება მხოლოდ ცილისწამების მხილებით.

ეკლესია არასდროს მოუწოდებს ძალადობისკენ, პირიქით, მოსახლეობაში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის ზრუნავს. ამიტომ დღეს შეიძლება განსაკუთრებულად დროული იყოს მოწოდება საზოგადოებისადმი, გვემსჯელა საკანონმდებლო გზით ზემოაღნიშნული პრობლემის დარეგულირების შესახებ". – ნათქვამია განცხადებაში.

საპატრიარქო ღონისძიებებს "გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვის" მცდელობად მოიხსენიებს, განცხადების არგუმენტად კი ამ პერიოდში "მომატებული პოლარიზაცია" მოჰყავს.

"ჩვენს ქვეყანაში გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვის მცდელობა, სამწუხაროდ, არ წყდება. ამაზე მოწმობს მიმდინარე წლის ივლისში დაანონსებული LGBT კვირეული, რომელსაც, მისი მიზნებიდან გამომდინარე, არ შეიძლება თავისი უარყოფითი გავლენა არ ჰქონდეს თუნდაც დახურულ სივრცეში გამართვის დროს.

მიგვაჩნია, რომ LGBT პროპაგანდა დაუშვებელი და მიუღებელია, მით უფრო, ქვეყანაში, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ქრისტიანული ფესვები აქვს. პროპაგანდის ნებისმიერი სახით გამოვლინება მოზარდებში კი მათ ცნობიერებაზე ძალადობაა.

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არაერთგზის გამოთქმული პროტესტის უგულებელყოფა არის მისი უმთავრესი ფასეულობების უპატივცემულობა და მკაფიო გამოხატულება მორალური ზიანის მიყენების მცდელობისა. ყოველი მსგავსი აქტივობა, გარდა ცოდვის პროპაგანდისა, არის სამოქალაქო დაპირისპირებისა და დაძაბულობის მიზეზი. დასკვნის გამოტანა ადვილია, თუ დავაკვირდებით დაანონსებული LGBT ღონისძიებების კვირეულის განმავლობაში საზოგადოებაში მომატებულ პოლარიზაციას. – ნათქვამია განცხადებაში.

30 ივნისს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას LGBT თემის შესახებ საკითხების საკანონმდებლო დონეზე "მოწესრიგებაზე" ისაუბრა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.

მედიასთან შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლების ჰომოფობიურ რიტორიკასთან დაკავშირებით ისაუბრა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც. მთავრობის მხრიდან ე.წ. LGBT პროპაგანდის კანონმდებლობით დარეგულირებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პოტენციურ კანონს ცალსახად ვეტოს დაადებს.

Pride-ის კვირეული 2 ივლისს დაიწყება და 8 ივლისს დასრულდება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ლოკაციაზე სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება, ბოლოს კი Tbilisi Pride Festival-ი გაიმართება.

კომენტარები