Tbilisi Pride

TBILISI PRIDE: რადიკალური ჯგუფები სიცრუეს ავრცელებენ, 8 ივლისს ქუჩის მსვლელობა არ ტარდება

ტაბულა

Tbilisi Pride ხვალ, 8 ივლისს დაგეგმილ ფესტივალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის განმარტებით, ორკები ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, თითქოს ტარდება ე.წ. გეი აღლუმი. 

Tbilisi Pride განმარტავს, რომ დაგეგმილი არ არის ქუჩის მსვლელობა და ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე დარეგისტრირებული სტუმრებისთვის იმართება.  

"ხვალ პრაიდის ფესტივალი გაიმართება - დახურული ღონისძიება, რომელსაც უკვე მესამე წელია ვატარებთ.

რადიკალურ ჯგუფებს განზრახ შეყავთ საზოგადოება შეცდომაში პრაიდის ფესტივალთან დაკავშირებით. ისინი ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომ თბილისის ქუჩებში ე.წ. “გეი აღლუმი” ტარდება, რათა საზოგადოების გარკვეულ სეგმენტში სიძულვილი გააღვივონ.

კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ ფაქტს, რომ არ ტარდება არავითარი ქუჩის მსვლელობა, ხოლო ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე, დარეგისტრირებული სტუმრებისთვის იმართება. მას აქვს საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი.

ჩვენი გუნდი უკვე თვეებია, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მოლაპარაკებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. გვაქვს მყარი გარანტიები, რომ ფესტივალი იქნება დაცული.

ფესტივალზე ველით როგორც ქვიარ თემის წევრებს, ასევე ჩვენს მხარდამჭერებს, დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო პარტნიორებს. უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე, ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ სრულწლოვანი სტუმრები.

მოვუწოდებთ ყველა თანამოქალაქეს, დაგმოს რადიკალური ჯგუფების ძალადობრივი მუქარები პრაიდის ფესტივალის მიმართ. ნუ გახდებით დეზინფორმაციის მსხვერპლი და გამავრცელებელი. დადექით დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სიყვარულის მხარეს". - წერია განცხადებაში. 

პრაიდის ფესტივალის პარალელურად, ძალადობრივი და პუტინისტური ჯგუფები კონტრაქციებს აანონსებენ. 

კომენტარები