Tbilisi Pride

8 ივლისს Tbilisi Pride Fest 2023 გაიმართება

8 ივლისს Lisi Wonderland-ში Tbilisi Pride Fest 2023 გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი თანასწორობისთვის, ხილვადობისთვის, თავისუფლებისა და სიყვარულისთვის ბრძოლის ნაწილია. 

"პრაიდის ფესტივალი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისთვის ერთმანეთის დანახვის, გაერთიანებისა და თავისუფალი თვითგამოხატვის უნიკალური შესაძლებლობაა. ამოისუნთქე და დაისვენე უთანასწორო და უსამართლო გარემოსგან. ერთად გავატაროთ ფერადი, ბრჭყვიალა და დაუვიწყარი დრო Lisi Wonderland-ში". - წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიებაში არაერთი ჯგუფი და მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე დამსწრე სტუმრების წინაშე წარდგებიან: Bedford Falls, 4D Monster Lobsters, The Jetbird, Lua, SEQTA და სხვა არტისტები. ასევე, გაიმართება დრეგ შოუ და ფესტივალის ტერიტორიაზე სხვადასხვა აქტივობისთვის არაერთი კუთხე მოეწყობა, იქნება ვორქშოპები და გამოფენები. 

ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ლგბტქ+ თემის წევრებს, ვისაც ფინანსური სირთულეების გამო ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთის შეძენა არ შეუძლიათ, სპეციალური ფორმის შევსების შემდეგ, მოსაწვევს გაუგზავნიან. 

ფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენა tkt.ge-ზეა შესაძლებელი.

Tbilisi Pride-ის გუნდი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

"თბილისი პრაიდის გუნდისთვის, რომელიც მიმდინარე კვირაში აორგანიზებს პრაიდის კვირეულს, უმთავრესი პრიორიტეტია კვირეულის ფარგლებში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. გუნდი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომელიც თავის მხრივ იღებს სრულ პასუხისმგებლობას კვირეულის ფარგლებში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე. ასევე, ვიღებთ ყველა საჭირო ზომას უშუალოდ ღონისძიებების ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 8 ივლისს, პრაიდის ფესტივალის დღეს, ქალაქში შესაძლოა შეიქმნას დაძაბული ან პოტენციურად სახიფათო სიტუაციები. უსაფრთხოების ექსპერტებთან კონსულტაციების საფუძველზე, გიზიარებთ ჩვენს რეკომენდაციებს:

  1. ფესტივალის დღეს, გთხოვთ, მოერიდოთ ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარე ტერიტორიებს, რომლებიც ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული შეკრების გამო, მაღალი რისკის ზონად არის მონიშნული. ამ პროცესებთან დაკავშირებულ ინფორმაციას განვაახლებთ ჩვენი სოციალური მედიის პლატფორმებზე.
  2. გირჩევთ, შეძლებისდაგვარად მოერიდოთ მარტო გადაადგილებას და იმგზავროთ ჯგუფურად. თუ არ იცნობთ ადამიანებს, ვინც თქვენთან ერთად დაესწრებიან ფესტივალს, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ. შესაძლებელია, ამ ნაწილში ფესტივალის სტუმრებს მიეცეთ დამატებითი რეკომენდაციები.
  3. სამწუხაროდ, წარსული გამოცდილებიდან ვიცით, რომ ძალადობრივი ჯგუფები ხშირად ინდივიდებზე გარეგნობის ან თვალსაჩინო მახასიათებლების საფუძველზე ირჩევენ აგრესიის ობიექტს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ღია და ამაყ თვითგამოხატვას, შესაძლოა, გონივრული იყოს ამ პოტენციური რისკის გათვალისწინება საჯარო სივრცეებში გადაადგილებისას.
  4. დატენეთ მობილური მოწყობილობები და დარწმუნდით, რომ გაქვთ საშუალება, სხვებს დაუკავშირდეთ
  5. თუ ღონისძიებების მიღმა რაიმე საეჭვოს შეამჩნევთ, ან გარკვეულ ვითარებაში თავს დაუცველად ან არაკომფორტულად იგრძნობთ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეატყობინოთ ამის შესახებ თბილისი პრაიდის გუნდს. ფესტივალის ტერიტორიაზე კი ღონისძიების პერსონალს ან/და დაცვას"

კომენტარები