Tbilisi Pride

მორგოშია: 8 ივლისი 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება იქნება

კონსტანტინე მორგოშია

ძალადობრივი და პუტინისტური ალტ-ინფოს ლიდერი, კოკა მორგოშია თბილისში პრაიდის ფესტივალთან დაკავშირებით მუქარის შემცველ შეტყობინებას ავრცელებს. ტელეგრამ არხზე გავრცელებულ ვიდეოში მორგოშია ამბობს, რომ 8 ივლისი 2021 წლის 5 ივლისს "დადგმულ კუბოზე" ბოლო ლურსმნის დაჭედება იქნება. 

"8 ივლისი ასევე ძალიან დიდი შინაარსის დღეა და არაფრით არ ჩამოუვარდება 5 ივლისს, პირდაპირ გეტყვით. 8 ივლისი იქნება 5 ივლისს დადგმულ კუბოზე ბოლო ლურსმნის დაჭედება".-ამბობს მორგოშია. 

8 ივლისს Lisi Wonderland-ში Tbilisi Pride Fest 2023 გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი თანასწორობისთვის, ხილვადობისთვის, თავისუფლებისა და სიყვარულისთვის ბრძოლის ნაწილია. 

ღონისძიებაში არაერთი ჯგუფი და მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე დამსწრე სტუმრების წინაშე წარდგებიან: Bedford Falls, 4D Monster Lobsters, The Jetbird, Lua, SEQTA და სხვა არტისტები. ასევე, გაიმართება დრეგ შოუ და ფესტივალის ტერიტორიაზე სხვადასხვა აქტივობისთვის არაერთი კუთხე მოეწყობა, იქნება ვორქშოპები და გამოფენები.

Tbilisi Pride-ის კვირეულს საქართველოს საპატრიარქო გაემოეხმაურა და განაცხადა, რომ დროულია, საზოგადოებას მოუწოდონ, ამ "პრობლემის" საკანონმდებლო გზით დარეგულირებაზე იმსჯელონ. საპატრიარქო ღონისძიებებს "გაუკუღმართებული ცხოვრების წესის დანერგვის" მცდელობად მოიხსენიებს, განცხადების არგუმენტად კი ამ პერიოდში "მომატებული პოლარიზაცია" მოჰყავს. განცხადება გაავრცელა თბილისის სინაგოგამ და მუსლიმთა სამმართველომ

Tbilisi Pride-ის გუნდმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებაც გაავრცელა.

"თბილისი პრაიდის გუნდისთვის, რომელიც მიმდინარე კვირაში აორგანიზებს პრაიდის კვირეულს, უმთავრესი პრიორიტეტია კვირეულის ფარგლებში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. გუნდი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომელიც თავის მხრივ იღებს სრულ პასუხისმგებლობას კვირეულის ფარგლებში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე. ასევე, ვიღებთ ყველა საჭირო ზომას უშუალოდ ღონისძიებების ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 8 ივლისს, პრაიდის ფესტივალის დღეს, ქალაქში შესაძლოა შეიქმნას დაძაბული ან პოტენციურად სახიფათო სიტუაციები. უსაფრთხოების ექსპერტებთან კონსულტაციების საფუძველზე, გიზიარებთ ჩვენს რეკომენდაციებს:

  1. ფესტივალის დღეს, გთხოვთ, მოერიდოთ ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარე ტერიტორიებს, რომლებიც ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული შეკრების გამო, მაღალი რისკის ზონად არის მონიშნული. ამ პროცესებთან დაკავშირებულ ინფორმაციას განვაახლებთ ჩვენი სოციალური მედიის პლატფორმებზე.
  2. გირჩევთ, შეძლებისდაგვარად მოერიდოთ მარტო გადაადგილებას და იმგზავროთ ჯგუფურად. თუ არ იცნობთ ადამიანებს, ვინც თქვენთან ერთად დაესწრებიან ფესტივალს, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ. შესაძლებელია, ამ ნაწილში ფესტივალის სტუმრებს მიეცეთ დამატებითი რეკომენდაციები.
  3. სამწუხაროდ, წარსული გამოცდილებიდან ვიცით, რომ ძალადობრივი ჯგუფები ხშირად ინდივიდებზე გარეგნობის ან თვალსაჩინო მახასიათებლების საფუძველზე ირჩევენ აგრესიის ობიექტს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ღია და ამაყ თვითგამოხატვას, შესაძლოა, გონივრული იყოს ამ პოტენციური რისკის გათვალისწინება საჯარო სივრცეებში გადაადგილებისას.
  4. დატენეთ მობილური მოწყობილობები და დარწმუნდით, რომ გაქვთ საშუალება, სხვებს დაუკავშირდეთ
  5. თუ ღონისძიებების მიღმა რაიმე საეჭვოს შეამჩნევთ, ან გარკვეულ ვითარებაში თავს დაუცველად ან არაკომფორტულად იგრძნობთ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეატყობინოთ ამის შესახებ თბილისი პრაიდის გუნდს. ფესტივალის ტერიტორიაზე კი ღონისძიების პერსონალს ან/და დაცვას" - ნათქვამია განცხადებაში.

2021 წელს ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები. პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

პუტინისტურმა ჯგუფებმა და მათ შორის სასულიერო პირებმა რუსთაველის გამზირზე დილიდანვე დაიწყეს მობილიზება და თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილები. 

მათ სამიზნე აუდიტორია –ღირსების მარშის მონაწილეები – ვერსად იპოვეს და აგრესია ჟურნალისტებისკენ მიმართეს. ჯამში დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი. თავს დაესხნენ მათ შორის ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ძალადობრივი აქციის მონაწილემ რამდენჯერმე კეტი ჩაარტყა.

კომენტარები