პრიგოჟინის ამბოხება

ISW: რუსეთს ვაგნერი უკრაინაში ომისა და სხვა სამხედრო ოპერაციებისთვის სჭირდება

კერძო სამხედრო კომპანია, ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, სანქტ-პეტერბურგი, 2010 წლის 20 სექტემბერი 
Kyiv Post 

ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW-ის) ანგარიშის მიხედვით, კრემლს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერი უკრაინაში მიმდინარე ომისა და სხვა სამხედრო ოპერაციებისთვის სჭირდება. როგორც ინსტიტუტის ანგარიშში წერია, ვლადიმირ პუტინი 26 ივნისის სპეციალურ მიმართვაში ცდილობს, რომ რუსეთის არმიაში გასაწერვიანებლად და უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად რაც შეიძლება მეტი ვაგნერის მებრძოლი დაიყოლიოს. ამასთან, პუტინს სურს, რომ ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მომხრეების იდენტიფიკაცია მოახდინოს.

"პუტინს შეეძლო დაეპატიმრებინა ვაგნერის მეთაურები ღალატისთვის, მაგრამ სანაცვლოდ ვაგნერის ძალებს პატიება და გაერთიანება შესთავაზა  - რაც მიუთითებს იმაზე, რომ მას გაწვრთნილი და ეფექტური ცოცხალი ძალა სჭირდება." - წერია ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშში.

პუტინმა სპეციალურ გამოსვლაში ვაგნერის დაჯგუფებას ერთ-ერთ ვარიანტად ბელარუსში გადასვლა შესთავაზა. ამის შესახებ ISW წერს, რომ, შესაძლოა, პუტინი ბელარუსს ვაგნერის მებრძოლების ხაფანგად იყენებდეს. ანგარიშში წერია, რომ მათ, ვინც პრიგოჟინს ბელარუსში გაჰყვება, პუტინი მოღალატეებად მიიჩნევს. 

"ბელარუსი არ შესთავაზებს პრიგოჟინს ან ვაგნერის მებრძოლებს ნამდვილ თავშესაფარს, თუკი კრემლი ბელარუსზე ზეწოლას მოახდენს. შესაძლოა, ვაგნერის მებრძოლებისთვის ბელარუსში თავშესაფარი პუტინის ხაფანგია. კრემლი, სავარაუდოდ, ვაგნერის პერსონალს, რომელიც პრიგოჟინს ბელარუსში გაჰყვება, მოღალატეებად მიიჩნევს.”- წერია ანგარიშში.

ვლადიმირ პუტინის 26 ივნისის გამოსვლის მიხედვით, ვაგნერელებს სამი ალტერნატივა გააჩნიათ: გააფორმონ კონტრაქტი თავდაცვის სამინისტროსთან; დაბრუნდნენ სახლში; გადავიდნენ ბელარუსში.

პუტინი ამბობს, რომ აჯანყების ორგანიზატორებმა არამხოლოდ რუსეთს, არამედ საკუთარ დაქვემდებარებულებსაც უღალატეს, როცა ისინი ამ მოქმედებებში "ჩაითრიეს" და "მოატყუეს".

"თუმცა, აჯანყების ორგანიზატორებმა, საკუთარი სამშობლოსა და ხალხის ღალატით, უღალატეს მათაც, ვინც დანაშაულში ჩაითრიეს. ატყუებდნენ მათ, უბიძგებდნენ სიკვდილისკენ, ცეცხლისკენ, იმისკენ, რომ თავისიანებისთვის ესროლათ". – აღნიშნა პუტინმა.


რუსეთში სამხედრო არეულობა 23 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.

იერიშის ბრალდების გარდა, პრიგოჟინი უკრაინაში რუსი სამხედროების დიდ დანაკარგებში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს ადანაშაულებდა. ვაგნერის დამფუძნებელი იმუქრებოდა, რომ გაანადგურებდნენ ყველას, ვინც გზაზე გადაუდგებოდა.

კომენტარები