აშშ-ჩინეთი

ბლინკენი ბაიდენზე: პრეზიდენტი ყოველთვის პირდაპირია, ის საუბრობს ყველა ჩვენგანისთვის

ენტონი ბლინკენი და ჯო ბაიდენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კომენტარს გამოეხმაურა, სადაც მან ჩინეთის ლიდერს, სი ძინფინგს დიქტატორი უწოდა. 

"პრეზიდენტი ყოველთვის გულწრფელად საუბრობს, ის პირდაპირია. ის საუბრობს გარკვევით და ყველა ჩვენგანისთვის". - განმარტავს ბლინკენი.

ბლინკენის თქმით, მისი პეკინში მოგზაურობის მიზეზი აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობების მეტად დასტაბილურება იყო, თუმცა, ქვეყნები მაინც გააგრძელებენ "აღნიშნონ ერთმანეთზე ის, რაც არ მოსწონთ". 

"[მოგზაურობის] მთავარი მიზანი იყო ურთიერთობაში მეტი სტაბილურობის შემოტანა. ჩვენ გვაქვს ვალდებულება და ვფიქრობ, ჩინეთს აქვს ვალდებულება პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ ურთიერთობას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ღრმა განსხვავებები არ გადაიზრდება კონფლიქტში.

მაგრამ, ერთ-ერთი რამ, რაც ჩემს ჩინელ კოლეგებს ვიზიტის დროს ვუთხარი, იყო ის, რომ ჩვენ კვლავ გავაკეთებთ და ვიტყვით ისეთ რაღაცებს, რაც მათ არ მოეწონებათ და ანალოგიურად, ისინი იმოქმედებენ და ისაუბრებენ ისე, რომ ჩვენ არ მოგვეწონოს". - თქვა ბლინკენმა.


აშშ-ჩინეთის ურთიერთობები ბაიდენის პრეზიდენტობის განმავლობაში მუდმივად დაძაბულია. გასულ წელს, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო ჩინეთმა შეიარაღებული ძალები უმაღლეს საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და კუნძულის გარშემო სამხედრო წვრთნები გამართა.

ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც თებერვლის დასაწყისში აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს მფრინავი საჯაშუშო ბუშტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. 4 თებერვლის შემდეგ F-22-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეში სამი მსგავსი ობიექტი ჩამოაგდეს. ინციდენტის გამო ენტონი ბლინკენმა ჩინეთში 5-6 თებერვალს დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

მაისის ბოლოს ჩინეთმა აშშ-ს შეთავაზებაზე სინგაპურში გასამართ უსაფრთხოების ყოველწლიურ ფორუმზე შემდგარიყო ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა, უარი თქვა.

მალევე, ცნობილი გახდა მაისში მომხდარი ინციდენტის შესახებაც, რომლის დროსაც ჩინურმა ავიაგამანადგურებელმა სამხრეთ ჩინეთის ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მფრინავი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის სიახლოვეს "არასაჭირო აგრესიული" მანევრი განახორციელა.

მსგავსი შემთხვევა მოხდა ივნისის დასაწყისშიც, როცა ტაივანის სრუტეში მცურავ აშშ-ს შეიარაღებული ძალების კუთვნილ Chung-Hoon გამანადგურებელს ჩინური სამხედრო ხომალდი სახიფათოდ მიუახლოვდა და გზა გადაუჭრა.

9 ივნისს WSJ-მ გასაიდუმლოებულ სადაზვერვო მასალებზე წვდომის მქონე ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია კუბაზე ჩინური საჯაშუშო ბაზის განთავსების შესახებ. ამერიკული უსაფრთხოების წარმომადგენლებმა გავრცელებული ინფორმაცია თავდაპირველად არ დაადასტურეს ან ნაწილობრივ უარყვეს, თუმცა, მოგვიანებით თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ჩინეთის საჯაშუშო ბაზა კუნძულზე 2019 წლიდან, ჯერ კიდევ ტრამპის ადმინისტრაციის დროიდან ფუნქციონირებდა და ამის შესახებ ტრამპის ადმინისტრაცია იმავე ინფორმაციას ფლობდა, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია.

ზემოთ მოყვანილის გათვალისწინებით, შეერთებული შტატების თავდაცვის მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში ჩართულობის ნაკლებობა ცაში ან ზღვაზე მომხდარი ინციდენტის შემთხვევაში კომუნიკაციების კრიზისული მექანიზმის არარსებობას გამოიწვევს, რაც სავალალო შედეგს მოიტანს. ამის თავიდან ასაცილებლად და კომუნიკაციის არხების შესაქმნელად ბაიდენის ადმინისტრაცია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ცდილობს.

ჩინეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 19 ივნისს სი ძინფინგს შეხვდა.

შეხვედრიდან ორი დღის შემდეგ ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტს დიქტატორი უწოდა. მოგვიანებით, ბაიდენის კომენტარი, რომ ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინფინგი დიქტატორია, ჩინეთმა "უკიდურესად აბსურდულად და უპასუხისმგებლოდ" შეაფასა.

კომენტარები